28 დეკემბერი, 2014

ოთარ ეგაძემ „ჭირვეულის მორჯულება“ დადგა

otar6რეჟისორმა ოთარ ეგაძემ შექსპირის “ჭირვეულის მორჯულება” დადგა. სპექტაკლის პრემიერა 29 დეკემბერს ილიაუნის თეატრში გაიმართება. ეს ილიაუნიში მიმდინარე თეატრალურ სეზონზე რიგით მეორე პრემიერაა.

2014 წელი მსოფლიო თეატრალურმა სამყარომ შექსპირის სეზონად გამოაცხადა, რადგან 23 აპრილს მისი დაბადებიდან 450 წელი გავიდა. ილიაუნის თეატრიც შეუერთდა მსოფლიო თეატრალურ სამყაროს და “ჭირვეულის მორჯულება” დადგა.

ოთარ ეგაძემ პიესაზე ძირითადად თეატრის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად იმუშავა, თუმცა ერთ-ერთ მთავარ როლს სპექტაკლში დავით გიგოლაშვილი შეასრულებს.

რას ეხება შექსპირის ერთ-ერთი პირველი პიესა? როგორ გავირთოთ თავი, თუ ნადირობით დაღლილი უცაბედად ლოთ მკალავს გადავეყრებით? როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ცოლი? თუ პირიქით, როგორ შევაყვაროთ თავი ქმარს? ან იქნებ ეს პიესა იმის შესახებაა, რა მარტივად შეგვიძლია ჰარმონიული ოჯახის შექმნა, თუკი შევთანხმდებით, რომ მზეს მთვარე ვუწოდოთ, მოხუცს კი – ლამაზმანი? შექსპირის მიერ ლექსად დაწერილ ოჯახური თანაცხოვრების “პრაქტიკულ სახელმძღვანელოს” ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები ორ მოქმედებად გაითამაშებენ.

სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ორმოქმედებიან კომედიაზე იმუშავეს მხატვარმა გოჩა აგაშენაშვილმა, მუსიკალურმა გამფორმებელმა ელენე ნიჟარაძემ, ქორეოგრაფმა სოფო გვრიტიშვილმა, ტექნიკურმა რეჟისორმა პავლე ინასარიძემ. სპექტაკლში მონაწილეობენ მარიამ კალატოზიშვილი (კატარინა), დავით დავითულიანი (პეტრუჩიო), ანა თალაკვაძე (ბიანკა), თემურ კვარაცხელია (ბაპტისტა), გიორგი ჭუმბურიძე (ლუჩენციო), ლევან მამნიაშვილი (ტრანიო), ანდრია ვაჭრიძე (გრემიო), გიგა ცერცვაძე (ჰორტენზიო), ლაშა ამბიძე (გრუმიო), გიორგი მახარაძე (ბიონდელო), გიორგი მოსიაშვილი (ვინჩენციო), სალომე მიქაძე (ქვრივი), დავით გიგოლაშვილი (მოხეტიალე დასის ხელმძღვანელი), მარეხ კვიჟინაძე (მოხეტიალე დასის მსახიობი), გიგა შურღაია (მონადირე, მსახური, და გონდოლიერი), ინდუქციის პერსონაჟები: კრისტოფერ სლაი – ზვიად ძულიაშვილი, ლორდი – დავით დავითულიანი, მედუქნე – სალომე მიქაძე.

„ჭირვეულის მორჯულება“ უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პიესა, დრამატურგის შემდგომი კომედიებისაგან მკვეთრად განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ პიესაში ქალისა და მამაკაცის როლები თანაბარი მნიშვნელობისაა, რაც შექსპირის დრამატურგიაში გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის, მათი თანასწორობისა და თანაცხოვრების პრობლემები XVI საუკუნეში შექმნილ კომედიაშია დასმული. პიესა დღესდღეობით ძალიან აქტუალურ პრობლემას – გენდერულ თანასწორობას და ქალზე ძალადობას ეხმიანება,” -ამბობს სპექტაკლის რეჟისორი.