13 დეკემბერი, 2014

ნოდარ ანდღულაძე 87 წლის გახდებოდა

andguladzeქართველი მომღერალი, დრამატული ტენორი ნოდარ ანდღურაძე 13 დეკემბერს 87 წლის გახდებოდა. ის ცნობილი საოპერო მომღერლის დავით ანდღულაძის შვილი და მოწაფე იყო.

საქართველოს სახალხო არტისტმა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ისწავლა. იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად თსუ-ის კავკასიური ენების კათედრის პედაგოგი, იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით.

ნოდარ ანდღულაძე სტაჟიორად მიავლინეს მილანის საოპერო თეატრ “ლა სკალაში”. მისი ხმა აიღარებულია ძალზე ძლიერ, ლამაზ, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერ და გამომსახველ ხმად. მის მიერ შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია აბესალომი, მალხაზი ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში “აბესალომ და ეთერი” და “დაისი”; მინდია, არზაყანი ოთარ თაქთაქიშვილის ოპერებში “მინდია” და “მთვარის მოტაცება”; გერმანი პეტრე ჩაიკოვსკის ოპერაში “პიკის ქალი”; რადამესი, მანრიკო, ჰერცოგი, ოტელო ჯუზეპე ვერდის ოპერებში “აიდა”, “ტრუბადური”, “რიგოლეტო”, “ოტელო”; ედგარი გაეტანო დონიცეტის ოპერაში “ლუჩია დი ლამეურმური”; კანიო რუჯერო ლეონკავალოს ოპერაში “კამბაზები”; ჰეროდე რიხარდ შტრაუსის ოპერაში “სალომე”. ნოდარ ანდღულაძე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა მოსკოვში, მიღებული აქვს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია და სხვა სახელმწიფო ჯილდოები.

ნოდარ ანდღულაძე კამერული მომღერალიც იყო, ის დიდი ოსტატობით ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. მან გასტროლები გამართა საზღვარგარეთ რუსეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, გერმანიაში, თურქეთში, იუგოსლავიაში. 1983 წელს კი ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა “ლუჩია და ლამერმური”.

ის წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი, სოლო სიმღერის კათედრის გამგე. მისი მოწაფეები დღეს მსოფლიოს წარმატებული მომღერლები არიან. ის ავტორია მევნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში.

ნოდარ ანდღულაძე გასული წლის 30 იანვარს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.