28 დეკემბერი, 2014

ნინო ქათამაძე “იქს ფაქტორის” გამარჯვებულია

15ქართველი მომღერლისთვის ნინო ქათამაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა უკრაინული “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრობა. მან და მისმა კონკურსანტმა დმიტრი ბაბაკმა შოუს მეხუთე სეზონის მოგება შეძლეს.

მომღერალმა ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემას ფინალამდე ინტერვიუ მისცა:

– როცა ჟიური ხართ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

– ჩემთვის უმთავრესია მუსიკის შეფასება, იმიტომ რომ უნდა იგრძნო და გაიგო რამდენად მნიშვნელოვანია იდგე სცენაზე და პირველად შესთავაზო შენი თავი მაყურებელს, როგორც ამას კონკურსანტები აკეთებენ. პირველ რიგში, ყოველთვის ვცდილობ მათი მდგომარეობა გავითავისო. შეფასება კი უკვე სულ სხვა რამაა.

– ჟიური სულ უფრო და უფრო მკაცრდება.

– ეს გასაგებიცაა. რაც უფრო ახლოვდება ფინალი, ჟიურიც უფრო მკაცრდება. ვოკალისტები ბევრ პროფესიონალურ გამოცდილებას და გაკვეთილს იღებენ, ისინი ყოველი გამოსვლის შემდეგ სულ უფრო ძლიერები ხდებიან როგორც შემსრულებლები. მათთან სიმკაცრე საჭიროა. ეს ისევ მათ გამოადგებათ. ისიც მესმის, რომ კონკურსანტები ჟიურის თითოეულ სიტყვას ემოციურად უდგებიან, მაგრამ თვითონაც არანაკლებ ემოციურები არიან. შინაგანად ისე ჩანს, თითქოს ისინი საშინლად გაბრაზებულები არიან, მაგრამ ემოციურობის პლუსი ის არის, რომ რაღაც მოვლენების სწრაფად გადახარშვა ხდება. დამიჯერეთ, ისინი ადვილად იტანენ კრიტიკას.

– რომელ კონკურსანტს აქვს გამარჯვების მეტი შანსი?

– ლოგიკურია, რომ ჟიურის ყველა წევრი თავის კონკურსანტზე დებს ფსონს. არ ვიცი ვინ მოიგებს, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – მუსიკა გაიმარჯვებს. ყველა კონკურსანტი, რომელიც ლაივკონცერტებამდე მივიდა, შოუში ყოფნის ღირსია. მათ ურთულესი გზა გაიარეს იქს ფაქტორში.

– დისკუსიებში რატომ არ ერთვებით?

– არ ვიცი. როცა საჭიროა ვერთვები, როცა არ არის საჭირო, ჩუმად ვარ. გააჩნია სიტუაციას. არის სიტუაციები, როცა გაჩუმებაა საჭირო, მაგრამ არის შემთხვვები, როცა ისე შევიჭრებით ხოლმე როლში და იმდენს ვლაპარაკობთ, ჩვენი გაჩერება შეუძლებელია. როცა იქს ფაქტორის ეთერი სრულდება, ემოციების ზღვაში ვარ. ასეთი დიდი შოუს ჟიურიში ყოფნა სულაც არ ჰგავს სცენაზე დგომას და სიმღერას. მე ხომ პასუხს ვაგებ ჩემი კონკურსანტების გამოსვლების გამო და მთლიანობაში პროექტის გამოც, ამიტომ გაასმაგებულად დაძაბული ვარ. ჩემთვის მარტო ჩემი კატეგორია არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად პროექტი. ძალიან ვიღლები პირდაპირი ეთერის გამო, ენერგიის აღდგენაში კი ძილი მეხმარება.

– უკრაინაში მუშაობით კმაყოფილი ხართ?

– ამ ეტაპზე უკრაინაში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე სადმე სხვაგან. ახლა უფრო მეტად შევიგრძენი როგორი თბილი და მოსიყვარულე ხალხია უკრაინელები, თუმცა ეს აქამდეც ვიცოდი. ადრე, როცა კონცერტებით ჩამოვდიოდი, ამ სიყვარულს სცენაზე ვგრძნობდი, ახლა კი ერთობლივი მუშაობის წყალობით, ეს სიყვარული კიდევ უფრო მეტად შევიგრძენი. იქს ფაქტორის გუნდი სუპერ პროფესიონალებისგან შედგება. უკრაინული მუსიკა ძალიან თანამედროვეა, ის ფეხდაფეხ მისდევს მსოფლიო მუსიკალურ ტენდენციებს. ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს სურვილი წინ წავიდეს და ამას შეძლებს კიდეც.

– გასტრლებზე ასწრებთ სიარულს?

– ბოლო ორი თვეა იქს ფაქტორით ვარ დაკავებული, თუმცა ვახერხებ გამოვნახო დრო და სხვა ქვეყნებშიც ჩავიდე. სამი დიდი კონცერტი მქონდა და უახლოეს მომავალში ისევ მიწევს გაფრენა. გეგმაშია სანკტ პეტერბურგი, მოსკოვი და ლონდონი. ყველა მეკითხება, საიდან გაქვთ ამხელა ენერგიაო, მე კი ყველას ვპასუხობ, რომ, პირველ რიგში, ღმერთისგან. გარდა ამისა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენერგია, რომელსაც ხალხს გადასცემ სუფთა გულით, უკან ყოველთვის გიბრუნდება.