13 დეკემბერი, 2014

მსოფლიოში ყველაზე ძვირი ფოტო 6,5 მილიონად გაიყიდა

1poto1The Guardian-ის ცნობით, ავსტრალიელი ფოტოხელოვანის პიტერ ლიკის ფოტო სახელწოდებით “ფანტომი” რეკორდულ ფასად გაიყიდა. ლოს ანჯელესში კერძო კოლექციონერმა მასში 6,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. პიტერ ლიკი 55 წლისაა, ის 30 წელზე მეტია ფოტოხელოვნებით არის დაკავებული და თავისი შემოქმედების განმავლობაში არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მინიჭებული.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ფოტოში ამხელა თანხა იქნა გადახდილი და ამით მსოფლიო რეკორდიც დამყარდა. აქამდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფოტოს ავტორი გერმანელი ანდრეას გურსკი იყო.

ლიკის ნამუშევარში აღბეჭდილია ამერიკაში მდებარე ანტილოპას კანიონი. ფოტოზე ასახულია სხივი, რომელიც მღვიმეში ჩამოდის. სხივს მოჩვენების ფორმა აქვს, ამიტომაც მას ავტორმა “ფანტომი” უწოდა.

როგორც გამოცემა იუწყება, ლიკის შემოქმედების თაყვანისმცემელს უკვე შეძენილი აქვს მისი ფოტოები “ილუზია” 2,4 მილიონ დოლარად და “მუდმივი განწყობა” 1,1 მილიონ დოლარად.

აქამდე მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოების რეიტინგის სათავეში იდგა ანდრეას გურსკის ნამუშევარი “რეინ II”. 2011 წელს ის 4,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.