30 დეკემბერი, 2014

მარინე მიზანდარი: “საყდრისზე მიმდინარე ყველა ქმედება უკანონოა!”

mizandari1კულტურის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მარინე მიზარდარი ეროვნული მუზეუმის უფროს მეცნიერ თანამშრომელ გიორგი მინდიაშვილთან ერთად საყდრისთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს:

მარინე მიზანდარი, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე:

– დღეს ვართ ძალიან მძიმე, ტრაგიკული მოვლენების მომსწრე, იმიტომ რომ ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობა საახალწლოდ თავის ხალხს, თავის ერს, ულოცავს მნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით. ეს უამრავ შეკითხვას ბადებს სამართლებრივი კუთხით, კანონის უზენაესობის პრინციპის დარღევევებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში ხომ თავისთავად, სოციალურ საკითხებს რაც შეეხება და ასევე გარემოს დაცვით საკითხებთან მიმართებით. კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მეტად გასცდა საყდრისის თემა და შეიძინა სულ სხვა დატვირთვა. მინდა ვთქვა, როგორც საქართველოს მოქალაქემ, რომ ეს არის ძალიან დიდი დისკრედიტაცია ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი უფლების, ასევე საქართველოს სახელის, მთავრობის დისკრედიტაციაც არის ქართველი ხალხის თვალში და, რა თქმა უნდა, საქართველოს დისკრედიტაციაც მსოფლიოს თვალში, რომელსაც შეუძლია ასეთი ვანდალური ქმედებებით გაანადგუროს თავისი საკუთარი მემკვიდრეობა. ეს არის ძალიან მძიმე პრეცედენტი. იმედი მაქვს, არასდროს აღარ განმეორდება ეს ჩვენს მიწა-წყალზე და თუ შესაძლებელი იქნება, შენარჩუნდება მაინც ნაწილი საყდრისისა და გადაურჩება განადგურებას. სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დღევანდელი ყველა ქმედება არის უკანონო, მათ შორის, ფეთქვა-ბურღვითი სამუშაოები და გამანადგურებელი ფართო მასშტაბის სამუშაოები, რომელიც გაშლილია საყდრისზე. მიუხედავად ამისა, ამ კერძო კომპანიას აქვს მწვანე შუქი მთავრობისგან კულტურული მემკვიდრეობის გასანადგურებლად, ეს იწვევს საოცარ განცვიფრებას და ამაზე ბევრად მეტს, ძალიან დიდი აღშფოთებას ყველა იმ ადამიანში, ვისთვისაც ქართული და მშობლიური არის ძვირფასი.

გიორგი მინდიაშვილი, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:

– სამწუხაროდ, ეს არ არის მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კატასტროფა, მისი დანგრევა, ეს არის გაცილებით მეტი, ეს სულ სხვა სფეროებში გადადის და პოლიტიკურ ელფერსაც იძენს. ეს საფუძველი ამ პრობლემას შეუქმნა მთავრობამ, რომელმაც ყველა ნაბიჯზე, ყველა ეტაპზე მოახერხა კანონის წინააღმდეგ დამდგარიყო და მიმხრობოდა ძეგლის განადგურებაში არემჯი გოლდს. ისე ისპობა ძეგლი, არქეოლოგები ვერც კი ახერხებენ იმ ახალი მონაცემების ფოტოფიქსაციას მაინც, რომლებიც ნგრევის პროცესში შეიძლება გამოჩნდეს. იქ არავის უშვებენ და ეს არის სრული განადგურების ტოლფასი, იქ ჩვენ შეგვეძლო ნგრევის პროცესში მიგვეღო ინფორმაცია ამ მაღაროების შესახებ. ძეგლის მნიშვნელობა იმდენჯერ იქნა კომენტირებული ჩვენი მხრიდან, აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის პირველხარისხოვანი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამაზე ძველი სამთო წესით ოქროს მოპოვების ობიექტი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს.