28 დეკემბერი, 2014

მარინა ჯანაშია იუბილარია

marina1რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა ჯანაშია 65 წლისაა. დაბადების დღეს მას კოლეგებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც ულოცავს.

საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი და სტუდენტობის წლებიდან დაწყებული არაერთი თეატრალური თუ კინო როლი შექმნა.

„ანტიგონე“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ოტელო“, „ქალის ტვირთი“, „ტარტიუფი“, „თავადის ასული მერი“, „ისევ ვოდევილები“, „ჯინსების თაობა“, „მოხუცი ჯამბაზები“ – ეს იმ სპექტაკლების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება კინოფილმებს, მარინა ჯანაშია გამორჩეულია კინო როლებშიც ფილმებში „ნუცა“, „კუკარაჩა“, „მარადისობის კანონი“, „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)“.

მსახიობს სხვადასხვა წლებში მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია. ის უკვე წლებია რუსთაველის თეატრში მუშაობს და ამ თეატრის ერთგულია.