14 დეკემბერი, 2014

ლიტერატურული თეატრი სპექტაკლს მეცხვარეებისთვის გამართავს

lit120 დეკემბერს შირაქის ველზე მეცხვარეობის ზამთრის საძოვრებზე, საზღვრისპირა სოფელ კასრისწყალში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, გამართავს გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლს “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია”.

აღნიშნული საღამოს ორგანიზებისთვის ლიტერატურული თეატრი დაუკავშირდა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციას, რომლებიც უწევენ დახმარებას თეატრს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში, მწყემსების და მათი ოჯახების მობილიზებაში.

“ამ საღამოთი გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა მეცხვარეობის დარგისადმი საქართველოში, გამოვხატოთ პატივისცემა მეცხვარეებისადმი და უპირველესად კი პატივი მივაგოთ გოდერძი ჩოხელის ხსოვნას. ჩვენ საგანგებოდ შევარჩიეთ ეს სპექტაკლი, რადგან გოდერძი ჩოხელის გახსენება მეცხვარეებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება,” – აცხადებს ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე.

სპექტაკლის გამართვასთან ერთად, ლიტერატურული თეატრი მეცხვარეებს წიგნებს ჩაუტანს, რომელსაც მოხალისეები მწერალთა სახლში აგროვებენ.