ლია სტურუას ხელოვნების ქურუმი გადაეცა

lia1ცნობილ ქართველ პოეტს ლია სტურუას ხელოვნების ქურუმი გადაეცა. ამ ჯილდოს გადასაცემად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი პოეტს პირადად ეწვია.

მანანა ბერიკაშვილმა ლია სტურუას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ქართული ლიტერატურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალურ პრიზი „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

ლია სტურუა გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატია. პოეტი 1939 წლის 15 მაისს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში მოეწყო. დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ფერის მხატვრული ფუნქცია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში”. მუშაობდა უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში – უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.

პირველი წიგნი, ლექსების კრებული ,,ხეები ქალაქში”, გამოსცა 1962 წელს. მთლიანობაში გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული ,,ბედნიერი სიჩუმე”, ,,რძეში ჩავარდნილი ქვა” (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე. პოეტს მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები.