კინომსახიობთა თეატრის მსახიობს, რეჟისორსა და დრამატურგს ლალი კეკელიძეს 9 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიხსენებენ.
ლალი კეკელიძე ორი წლის წინ 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თამაშობდა სპექტაკლებში, თუმცა თავადაც დგამდა სპექტაკლებს. მისი პიესები რეჟისორებისთვის ყოველთვის საინტერესოდ აღსაქმელი იყო.
ხელოვანს ჰქონდა თავისი ბლოგი, სადაც დაინტერესებულ პირებს თავის მოსაზრებებს აცნობდა. განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მაყურებელში მის ანტირუსულ სპექტაკლს “კომედია ტრაგედიაზე”, რომელიც ილიაუნის თეატრში დაიდგა. დრამატურგის გარდაცვალების შემდეგ ამ სპექტაკლმა აქციის სახე მიიღო. გაყიდული ბილეთებიდან შეგროვილი თანხა ლალი კეკელიძის პიესებისა და ლექსების დაბეჭდვას მოხმარდა.
მკითხველში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ეპილოგი, რომელიც ლალი კეკელიძემ თავის ერთადერთ ქალიშვილს მიუძღვნა:
“ჩემო პატარა და დიდო გოგო, ბედნიერ, არაჩვეულებრივ და წარმატებულ დღეს გისურვებ! მე მჯერა შენი, შენ ყველაფერს შეგიძლია მიაღწიო. მთავარია არაფრის არ შეგეშინდეს. გჯეროდეს შენი. უსმინე ყოველთვის შენს გულის ხმას, რომ ამ გიჟ სამყაროში, ამ ქაოსში და ხმაურში არ დაგეკარგოს და თუ შენ გულის ხმას და შენს გონებას შენსავე გულისყურს მიუგდებ, ის ყოველთვის სწორ გზაზე დაგაყენებს. სწორი გზა კი შენს შიგნით, შენი სინდისია. იყავი შენი სინდისის ერთგული, ის კი სიმართლისათვის, როგორც კამერტონი, ისე ჩაგვიდო ღმერთმა.
გჯეროდეს შენი თავის, იყავი დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებ, კარგად მოიფიქრე, მერე გადაწყვიტე და შემდეგ გადადგი ნაბიჯი, ეს ყველაფერი კი წარმატების საწინდარი იქნება. არავის არაფერი არ უნდა დაუმტკიცო, შენ ცხოვრობ და უნდა აკეთო ყველაფერი ისე, როგორც შენ ფიქრობ, როგორც უკანასკნელ დღეს. ეს შენი ცხოვრებაა და ეს შენი დრო არის ნუ გაფლანგავ მას არაფერში, ან შიშში, ან მერყეობაში. იყავი ლაღი, პირდაპირი, თამამი, უბრალო, თავმდაბალი, კეთილი, თბილი, მოსიყვარულე და მართალი. თუ კი ვინმემ ვერ დაგინახა, ან ვერ შეაფასა , არაუშავს, თავს ამისათვის ნუ დაიმწუხრებ, შენ შენი აკეთე ყოველთვის და სანაცვლოდ ნუ მოითხოვ, ამაშიც ნუ დახარჯავ დროს.
მიუტევე ყველას, მაგარია, როცა შეგიძლია მიტევება. მაშინ შენი სული სიმშვიდეს მოიპოვებს. უბრალოდ შეხედე ყველაფერს, რაც არ უნდა მოხდეს და გააგრძელე ცხოვრება. სიცოცხლე მართლაც საოცრებაა და სავსეა სასწაულებით, შენ ეს იცი და ყოველთვის გჯეროდეს ამის.
აიღე სიცოცხლიდან ყველაფერი რასაც შემოგთავაზებს, არ დაემალო შენს თავს, ყოველთვის შეძელი გააანალიზო მოვლენები, არ მოიტყუო თავი, რაც არ უნდა მძიმე იყოს სიმრთლე, მაინც ყოველთვის სიმართლე ეძებე და მაშინ თავისუფალი იქნები.
არ შეგეშინდეს სიძნელეების, არ შეგეშინდეს უცხო ადამიანების, გახსოვდეს ისინიც შენსავით წვალობენ ხშირად, მოუძებნე მათ ახსნა და გაამარტივე ურთიერთობა.
ჩემო სიცოცხლე იცხოვრე სიყვარულით, ყოველ დილას უთხარი შენს თავს, რომ გათენდა არაჩვეულებრივი დღე, იმიტომ რომ ყველა დღე არაჩვეულებრივია, რადგან მეტი არასოდეს აღარ განმეორდება. გაუფრთხილდი იმას რაც გაქვს ეხლა, იმიტომ, რომ შეიძლება ეს არ გქონოდა და შეიძლება როდესღაც არ იყოს. არ დახარჯო შენი დრო უაზრობაში, შენ ხარ პატრონი შენი დროისა, რომელიც ან სავსედ, ან ცარიელად უნდა განვლო. არ გაართულო არაფერი, გახსოვდეს, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. აგრეთვე არსებობს ყველა შეკითხვაზეც პასუხები, ეს პასუხები შენს შიგნით არის, მოუსმინე და პასუხსაც მიიღებ.
ჩემო სიცოცხლე, მიყვარხარ, მიყვარხარ ისე, რომ შენ ხარ აზრი ჩემი სიყვარულისა, შენ ხარ ის, ვის გამოც და ვისგანაც გავიგე და შევიგრძნე , ამ ქვეყანაზე ეს გრძნობა, რასაც სიყვარული ქვია. მე ყოველთვის ვიქნები თუ არა ფიზიკურად შენს გვერდზე, არა აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის, ყოველთვის მაინც შენიანი, შენს გვერდზე, როგორც მფარველი, როგორც მეგობარი, როგორც თანამდგომი, როგორც შუქურა, როგორც შენთვის მებრძოლი და შენი დამცველი ადამიანი და რათქმაუნდა შენი დედიკო ვიქნები! მე მჯერა შენი! ესეც ჩემი დანაბარები.
(ლალი, პროფესიით დედიკო და აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებით.)
გკოცნი! შიში უნდა დასძლიო პირველ რიგში. როგორ? აი ასე, როგორც მოგწერე!”