2 დეკემბერი, 2014

კახი კავსაძე: ეს ერის ტრაგედიაა

1ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი კახი კავსაძე ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ერის ტრაგედიაა:

– ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ტრადიციები, მუსიკა, ფოლკლორი, განათლება, ინსტიტუტები… არ გვაქვს, გვაკლია და ამისთვის ვიბრძვით. თუ რამე საქართველოს შეინახავს, ეს არის ქართული ოჯახი და მისი ტრადიციები. არ ვიცი, ალბათ ადრეც მოსვლიათ ჩხუბი მამას და დედას და ბავშვები უყურებდნენ, მაგრამ ასეთი რაღაც არ მახსოვს და ალბათ არც არავის ახსოვს. ეს არის საშინელება, რაც ახლა ხდება. სულ ვფიქრობ, ეს რისი ბრალიაათასი მიზეზი შეიძლება ამისი არსებობდეს, მაგრამ როცა მიდის მამა, კლავს ცოლს, მერე თავს იკლავს და ორი შვილი უპატრონოდ რჩება, ეს არის საშინელება, ეს არის ერის ტრაგედია. გასაღები ვის ჰქონდესო, რომ არის ერთი ამბავი, სწორედ ამ დონეზე უნდა გაირჩეს ასეთი ტრაგედიები, ილაპარაკოს საზოგაოებამ, მოიფიქროს გამოსავალი, გაერთიანდეს. როგორ შეიძლება ასწავლო კაცს როგორ მოექცეს საზოგადოებაში, როგორ მოექცეს ცოლს?! ამის წავლება არ შეიძლება. რა უნდა გავაკეთოთ კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაღაც რომ გასაკეთებელია, ეს ფაქტია. ასეთი სიმღერა აქვთ ქართველებს, “ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, სახლში მისვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.” სულ მიკვირდა ბავშვობაში რა ცხენი, რა ცოლი-მეთქი… სულ ყოველთვის მიხაროდა სახლში მისვლა, იმიტომ რომ დამხვდებოდა ძალიან კარგ ხასიათზე მომღიმარი ადამიანი. თუ მივიდოდი მთვრალი, ნასვამი, მეტყოდა სულ სხვანირად. არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიყავი ბედნიერი, როცა მივდიოდი სახლში. როცა სიყვარული არსებობს, ყველაფერს დაძლევთ. როგორც ჩანს, ყველას სიყვარული არ შეუძლია. როცა ძალას გამოიჩენ, ამით ყველაზე სუსტი ხარ. როცა ადამიანზე, რომელსაც შენი ცოლი ჰქვია, შენი შვილების დედა ჰქვია და ძალას იხმარ, მაშინ ხარ ყველაზე საცოდავი და სუსტი. ძლიერი იყავი მაშინ, როცა გიყვარს. უნდა იცოდეს ყველამ, თუ იქნება მოძალადე, მთელი სოფელი, მთელი რაიონი, მთელი ქალაქი, მთელი მეზობლობა აღდგება მის წინააღმდეგ და დედას გიტირებს. ეს არავითარი ჩაშვება, გადაგდება, გადმოგდება არ არის. ეს არის წესი, უნდა მიეხმარო იმას, ვინც უმიზეზოდ დაისაჯა.