5 დეკემბერი, 2014

კაბუკის თეატრი საქართველოშია

kabuki1კაბუკის თეატრი საქართველოშია. იაპონიის საელჩომ საქართველოში განახორციელა პროექტი, რომლის ნახვის საშუალება თბილისელ და ქუთაისელ მაყურებელს შეეძლო.

კაბუკის თეატრის ცეკვის ჯგუფმა უკვე წარმოადგიან თავისი შოუ მარჯანიშვილის თეატრში 5 დეკემბერს კი ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გადაინაცვლა.

კაბუკის თეატრის ისტორია 400 წელს ითვლის, 2008 წელს კაბუკი შეტანილ იქნა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ის ცნობილია თავისი დრამატურგიის სტილიზაციითა და შემსრულებელთა ზედმიწევნით დეტალური მაკიაჟით. კაბუკის იაპონურ დამწერლობაში იეროგლიფები მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს სიმღერას, ცეკვას და ხელოვნებას. შესაბამისად კაბუკი ხშირად ითარგმნება, როგორც “სიმღერისა და ცეკვის ხელოვნება”. თუმცა იეროგლიფები ატეჯის მიეკუთვნება, რაც არ გამოხატავს ფაქტიურ ეტიმოლოგიას და სიტყვა კაბუკი, როგორც მიიჩნევა, წარმოებულია ზმნისგან “კაბუკუ”, რაც ნიშნავს “გადახრას”, ან “არა-ჩვეულებრივს”, შესაბამისად კაბუკი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც “ავანგარდი” ან “უჩვეულო” თეატრი.

კაბუკის ჟანრი ჩამოყალიბდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის საფუძველზე XVII საუკუნის მიჯნაზე იაპონიაში. ფუძემდებლად ითვლება იძუმო ნო ოკუნი, რომელმაც 1602 წელს ქალაქ კიოტოს მახლობლად, პირველად წამოიწყო თეატრალიზებული ცეკვის ახალი სტილი. ახალმა ჟანრმა პოპულარობა ძალზედ მალე მოიხვეჭა და ოკუნის იმპერატორის სასახლეშიც კი იწვევდნენ.

პარალელურად იქმნებოდა ახალი დასები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს და რაც ხელს უწყობდა კაბუკის თეატრის ჩამოყალიბებას. თავდაპირველად დასები მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და თეატრში დადგმული სცენები უხეშობით და გარყვნილობით გამოირჩეოდა. მრავალი მსახიობი ქალი ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც კაბუკის ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც “მომღერალი და მოცეკვავე კურტიზანების თეატრი”.

1629 წლიდან ქალებს აეკრძალათ კაბუკის სცენაზე თამაში და 1953 წლიდან იქ მხოლოდ მამაკაცები იღებენ მონაწილეობას. ქალების როლის შემსრულებელ მსახიობებს უწოდებდნენ ონაგატას ან ოიამას, რაც იაპონურად ნიშნავს “ქალური სტილი”. ამის გარდა არსებობს შესრულების კიდევ ორი სტილი არაგატო “უხეში სტილი” და ვაგატო “ჰარმონიული სტილი”. კაბუკის მსახიობთა შორის არსებობს თეატრალური დინასტიები, რომლებიც სპეციალიზირდებიან კონკრეტული სტილის მიმართულებით. დღესდღეობით იაპონიაში, კაბუკი ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული თეატრალური დრამატული ჟანრის სტატუსს.