20 დეკემბერი, 2014

ირმა სოხაძე: “რა ხდება?”

irma1ირმა სოხაძეს აინტერესებს, რა პირიცნიპით ირჩევა და ვინ არჩევს მომღერლებს საახალწლო კონცერტისთვის და იმ ადამიანების სახელების და გვარების დასახელებას ითხოვს, ვინც მისი კოლეგების დეფინიციას ახდენს. მან ”რეაქციაში” ასეთი განცხადება გააკეთა:

“მე ცოტა მომგებიან პოზიციაში ვარ, იმიტომ რომ პირადი განაწყენების საფუძველი არ მაქვს. დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და კონცერტში მონაწილეობაზე განვაცხადე უარი იმ მარტივი მიზეზით, რომ არასდროს ახალ წელს არ ვმღერი ქუჩაში, არსად არც რესტორანში, არც გარეთ. ოჯახში ვხვდები ყოველთვის. ასეთი ტრადიცია მაქვს. ეს ჩემი პირადი საქმეა, დიდი მადლობა გადავუხადე ქალბატონს, ვინც დამირეკა და ავუხსენი, რომ ვერ წავალ ვერსად, თბილისშიც რომ შემოეთავაზებინათ სიმღერა, მაინც. გაცილებით გლობალურად დგას საკითხი და არა ის, რომ წელს და შარშან სად და როგორ ვიყავით. ის 9 წელი სიებს ვინ ადგენდა, როდესაც არც მე, არც კვალიაშვილი და კიდევ ბევრი კარგი მომღერალი არ ხვდებოდა ამ სიაში? ეს 9 წელი არც თუ ცოტაა, მაგრამ მაშინ მესმოდა რა ხდებოდა. გავაკრიტიკე ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი, კრიტიკული გამოსვლები მქონდა. როგორ გავბედე ეს და ხმა ამოვიღე. შედეგად მივიღე ის, რომ ეს დამიჯდა ძალიან ძვირად, მაგრამ დღეს რა ხდება ვერ გავიგე. ალბათ არაპროფესიონალიზმი. ქალბატონ ია მაქაცარიას არ ვიცნობ, მასთან შეხება მქონდა ერთადერთხელ სულ სხვა საქმეზე, მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ იმღერებენ საახალწლო კონცერტზე ის ვიწრო წრეები, ვისაც ორკესტრთან სიმღერა შეუძლიათ, ამან ძალიან გამაბრაზა. თურმე 27 ადამიანია მთელ საქართველოში, ვინც ორკესტრთან მღერის. ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ 4 წლიდან ბიგ ბენდთან ერთად სიმღერის მეტი არაფერი გამიკეთებია. დეფინიციაა ძალიან გამაღიზიანებელი, რომ თურმე ორკესტრთან ვინც მღერის, ის მონაწილეობს საახალწლო კონცერტში. გამახარა თაკოს სიტყვებმა, რომ ბატონი გივი გაჩეჩილაძე არ არჩევს მომღერლებს. დღეს არ ვიცი, ვინ ბლოკავს მომღერლებს? რა ხდება? ისევ მერჩივნა ბატონ გივის აერჩია და ეთქვა, რომ დღეს ირმას მირჩევნია სხვაო. ძალიან გამიხარდა, რომ ეს ასე არ არის და მაშინ რა გამოდის? ვინც 9 წლის განმავლობაში ხაზავდა მომღერლებს მარკერით, ისევ ის სიტუაციაა?”