18 დეკემბერი, 2014

ერეკლე დეისაძე: ლანძღვა ვიტამინივითაა!

erekle1მომღერალი, მწერალი და პოეტი ერეკლე დეისაძე ღიად აცხადებს, რომ რესტორანში სიმღერა ეთაკილება. ხელოვანი უკვე მიჩვეულია, რომ მისი მისამართით მხოლოდ სალანძღავი და შეურაცმყოფელი სიტყვები ისმის, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც მისი შემოქმედება მოსწონს და მის კონცერტებზეც სიამოვნებით დადის.

თანამედროვე ქართულ მუსიკასა და მუსიკოსებზე ის რადიო თავისუფლებას ესაუბრა.

ერეკლე დეისაძე:

– ჩემი დეფინიცია ცოტა მრავალფეროვანია. თავიდან ჩემზე იძახდნენ მწერალიაო, მერე პოეტიაო, მერე მუსიკოსიაო, არც ერთის მიმართ არ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, იყოს ყველა ერთად.

– ხელოვნებით შემოსავალი გაქვთ?

– გააჩნია კონცრტების სიხშირეს. ჩემს ბოლო კონცერტებზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის, ეს მაძლევს სტიმულს, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო ამ საქმეს და თვითგანვითარებას უფრო მეტი ყურადღება მივაქციო. ძირითადი შემოსავალი ჩვენთან მაინც რესტორნებში სიმღერაა. მე კი რესტორანში სიმღერა მაგრად მეთაკლება და არ მივეკუთვნები მაგ კასტას. ძირითადი სივრცე ჩემთვის მაინც კლუბებია თბილისში და ჩემი მუსიკაც მაგ მიმართულებით გადავიტანე, უფრო კლუბურ საუნდზე დავაყენე, ელექტრონული საუნდები შევიტანე, რომ ამ სივრცისთვის იყოს განკუთვნილი, ხალხმა თან იცეკვოს, თან მოახდინოს თავისი თავის რელაქსაცია. ძირითადად მუსიკას ვიყენებ ტექსტისთვის, მუსიკა პირველ რიგში ტექსტის გამო იწერება. რადგან ეს ყველაფრი ადრესატამდე აღწევს, იუთუბშიც ნახვები მაღალია, ვიღაცეები აზიარებენ, მოსწონთ, არ მოსწონს. მთავარია, რომ რეაქცია არის, ეს ცოცხალი პროფესიაა, გააჩნია შენ რა მოთხოვნა გაქვს შენი თავის მიმართ. ჩემს შემთხვევაში, როცა ვხედავ, რომ ადერსატამდე მივაღწიე და ჩემი სიმღერა თუ ტექსტი მსმენელამდე მივიდა, სხვა საფიქრალი არც მაქვს. თუ ფული არ მაქვს, მეგობრები მეხმარებიან, ხან ისინი მაძლევენ ფულს და ხან მე ვაძლევ და ასე, ერთმანეთი გაგვაქვს. ჩემთვის ტექსტიც და მუსიკაც ძალიან მნიშვნელოვანია, არანაკლებ საყურადღებოა ასევე გამოთქმა, როგორ გამოთქვამ ამ ტექსტს. ჩემს შემოქმედებას რომ გადავხედე, ბოლო დროს ორი მიმართულება გამოიკვეთა: ერთი არის რომანტიკული სიმღერები და მეორეა სოციალურ პოლიტიკური სიმღერები. ორივე ერთნაირად მოსწონს ხალხს, თან თითქოს ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამავე დროს სრულიად განსხვავდება ხასიათით და ჟღერადობით ერთმანეთისგან. ამ ორ პლატფორმაზე ვარ დღემდე. პოლიტიკურ სოციალური თემები ძალიან მაინტერესებს და სწორედ მანდ ვხედავ ჩემს თავს. ჩემი მუსიკა იმ თემებზე უნდა იყოს, რასაც სხვები ერიდებიან. რაღაც თემები არის, რაც სამწუხაროდ, დროში გაწელილია ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგი იქნებოდა, ამ სიმღერებს აქტუალობა დაეკარგათ. თუ რამე კონკრეტულ პრობლემას ეხება, მთავარია მისი გადაჭრა მოხდეს. მაგალითისთვის, თავისუფლების ქარტიამ შეიძლება დაკარგა თავისი მნიშვნელობა და აქტუალური აღარ არის, მაგრამ პავლიკ მოროზოვები დღესაც გვყავს და სამწუხაროდ, ისევ იქნებიან. პარტიის ფეტიში ყოველთვის იყო და ყოველთვის დარჩება, ეს დროში გაწელილი თემა მგონია. არის სიმღერები, რომლებიც იმდენად ზედმეტად პირადია და ჩემი საკუთრებაა, რომ არც ვდებ ინტერნეტსივრცეში, ზოგს ვდებ კიდევაც. როცა ეს უკვე ვიღაცის საკუთრებაც ხდება, როცა შენი მესიჯი მიდის მსენელამდე, ორმაგად სასიხარულოა. ძალიან მომწონს, როცა ჩემი სიმღერები აქტუალურია. ხშირად ამბობენ, რომ ჩემი სიმღერები ამა თუ იმ პოლიტიკური მხარის ჰიმნია. ეს საკითხი საერთოდ არ მაწუხებს. იმდენად პოლიტიზირებულია ყველაფერი ჩვენს სივრცეში და ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველაფერს თავისი ბედი აქვს, როგორც ადამიანებს, ასევე სიმღერას, მით უმეტეს თუ ეს ეხება პოლიტიკურ თემას. თავიდანვე ვხდებოდი, რომ ამ მიმართულებით იქნებოდა გამოთქმული ბრალდებები. ამბობდნენ, ფული აიღეს ბიჭებმა, რუბლები ჩაერიცხათო და მსგავსი სისულელეები მრავლად გამიგონია. ესეც ამ პროცესის ნაწილია, რომელიც საერთოდ არ მაღიზიანებს. კონკრეტული სიმღერით კონკურეტული მომღერლის დეფინიცია არასწორი მგონია, ჯობია ზოგადად მომღერლის მთლიან შემოქმედებას გადახედონ. თან გააჩნია მსმენელს, ვინ აკეთებს შეფასებას. ჩემთვის თვითგანვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ხალხის მოსმენა. როცა სიმღერას ჩვენს დროში კონკრეტული დისკუსი მოყვება, ეს უფრო საინტერესოა.

– ლანძღვა არ გაღიზიანებთ?

– ეს ვიტამინივითაა, ენერგიას მაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთო. ხომ არის ნათქვამი, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო, ზუსტად ეგ მომენტია. ერთია რას ამბობენ და მეორე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვინც ამბობს, რამდენად კომპეტენტურია. ნებისმიერი აქცია ჩემთვის არის სტიმულატორი, რომ ახალ ეტაპზე გადავიდე. ჩემი რეაქცია ჩემს მომდევნო სიმღერებში ფიქსირდება ხოლმე. როცა მუსიკოსი ამბობს, რომ მუსიკა ითხოვს ინგლისურ ტექსტს და ქართულად სასაცილოდ ჟღერს, ეს არის ძალიან დიდი თვითკომპლექსი. ჩვენ გვყავს მუსიკოსები და პრეცედენტიც 90-იანი წლებიდან ბევრია, როცა კარგად იმღერება ქართულ ენაზე, ზოგადად, კარგი ენაა ქართული. ეს შენზეა დამოკიდებული, რამდენად ნიჭიერი ტიპი ხარ, რამდენად გაქვს პოეზიასთან შეხება. მეცინება ამაზე, როცა ეს ტიპები გამოდიან, ინგლისურად მღერიან და თან პრეტენზია აქვთ, ხალხი არ გვისმენსო. ჩვენში ასევე პრობლემაა დროისა და სივრცისგან მოწყვეტა. ქართულმა კულტურამ და ქართულმა მუსიკამ თუ ლიტერატურამ ძალიან ბევრი თემა გამოტოვა. როცა გამოტოვება ხდება, ეს იგივე დაფარვა და ხელშეწყობაა იმ მანკიერი მხარეების, რომელიც ზუსტადაც კულტურამ უნდა ამხილოს. ეს გააზრების პრობლემაა, პირველ რიგში, ამიტომ ასეთ დროს ვერავის ვერაფერს ვერ მოსთხოვ. ყველას ხომ გაქცევა უნდა. თავის დროზე ვთქვი, რომ გაქცევას მაშინ აქვს აზრი, როცა მოგდევენ. ამათ არც არავინ მისდევს, უბრალოდ გარბიან ქვეყნიდან და ამ პრობლემებიდან, მაგრამ საბოლოოდ ვერც იქ აკეთებენ ვერაფერს და გამოდის წყლის ნაყვა. მაგას ჯობია, ისევ აქ იყო და ვიღაცეებს სილა აწნა და გულწრფელი იყო. რა თქმა უნდა, ეს ვყელას არ ეხება. მაქვს რამდენიმე მუსიკოსთან ისეთი ურთიერთობა, რომ შეიძლება პირადად არ ვიცნობდე, მაგრამ რაღაც მუსიკით დავახლოვდეთ და გამიჩნდეს სურვილი, რომ გავიცნო ეს ადამიანი. საბედნიეროდ, ერთი სიბრტყე არ არის ქართულ მუსიკაში. საბედნიეროდ, სულ ვმუშაობ, საქმე სულ მაქვს. ქეთათოსთან და გიორგი ერგემლიძესთან ერთად გავაკეთე ახალი პროექტი, 31 დეკემბერს სქაი ბარში გვაქვს ამ პროექტის პრეზენტაცია და შემდეგ უკვე ქუთაისში ვაპირებთ ჩასვლას, იქაც მიგვიწვიეს და რეგიონებში მინდა გასვლა, მომწყინდა თბილისის ერთი და იგივე სივრცეში ტრიალი.