2 დეკემბერი, 2014

დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა

Uznadze_Dimitriქართველი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა. ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი თავისი ნაშრომებით გამორჩეულია ქართულ სამეცნიერო სამყაროში.

ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ დიმიტრი უზნაძემ ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ისწავლა. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში გერმანიაში. ეს ნაშრომი ეძღვნებოდა ვ. სოლოვიოვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და წარმოადგენდა ამ საკითხზე დაცულ პირველ სადისერტაციო ნაშრომს. მან ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით.

იგი მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, იქვე გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო, იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. ივანე ჯავახიშვილთან და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად დააფუძნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

დიმიტრი უზნაძის თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. მისი სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე და ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი “განწყობის თეორია”, რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია “განწყობის ფსიქოლოგია”:

”თუ ადამიანის განწყობა, სტერეოტიპული და არასწორი შეხედულებებისგან შექმნილი ბარიერების მიერ არის შეზღუდული, მისთვის ნაყოფიერი მოქმედებისა და ცვლილებებისთვის აუცილებელი იმპულსის შესაქმნელი გზა ჩახერგილია!”

დღეს დიმიტრი უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა, ის ითვლება ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ 1912 წელს მან გამოსცა “ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი”, რითაც სათავე დაუდო ჩვენში ამ მიმართულებას.

დიმიტრი უზნაძე 1950 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის თსუ-ის ბაღში დაკრძალეს.