დიმიტრი ალექსიძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

Dimitri-Aleqsidzeქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და თეატრალური მოღვაწის დიმიტრი (დოდო) ალექსიძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს სახალხო არტისტი, უკრაინის სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, ტარას შევჩენკოს სახალხო პრემიების ლაურეატი და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ქართულ თეატრალურ სამყაროში არაერთი გამორჩეული ხელოვანის აღმზრდელია.

თბილისის საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლისა და ქორეოგრაფიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სწავლა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში განაგრძო. ჯერ იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი, შემდეგ მთავარი რეჟისორი. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გმირულ-რომანტიკული სპექტაკლები “ალკაზარი”, “სამშობლო”, “გზაჯვარედინზე”, “პროფესორი მამლოკი”, “ჭიქა წყალი”, “სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი”, “საპატარძლო აფიშით”, “პეპო”, “ყვარყვარე თუთაბერი”.

დოდო ალექსიძისთვის საეტაპო სპექტაკლად იქცა სოფოკლეს “ოიდოპოს მეფე”. ის 6 წლის განმავლობაში კიევში მოღვაწეობდა. ფრანკის სახელობის აკადემიურ თეატრში დადგა სოფოკლეს “ანტიგონე” და კულიშის “პათეტიკური სონატა”. ის დაინიშნა ლუსია უკრაინკად სახელობის კიევის რუსული თეატრის მთავარ რეჟისორად, სადაც დადგა “რღვევა” და “საპატარძლო აფიშით”.
1970 წელს დოდო ალექსიძე თბილისში დაბრუნდა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც დადგა “დონ კარლოსი”, “ხსოვნა გულისა”, “ანტიგონე”, “ქორწინება”, “ტალანტები და თაყვანისმცემლები”.

დოდო ალექსიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი სხვადასხვა წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის რეჟისურისა და აქტიორული ოსტატობის კათედრის გამგე, ინსტიტუტის დირექტორი, კიევის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი და თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი. მას დაწერილი აქვს წიგნები “მსახიობის აღზრდის საკითხისათვის” და “რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე”.