4 დეკემბერი, 2014

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა

tato4 დეკემბერი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა. მისი დაბადებიდან 197 წელი გავიდა. ტატო გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში დაიბადა. დედამისი ეფემია, გრიგოლ ორბელიანის და, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პოეტი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის მოქმედ არმიაში განწესების განზრახვაც. მის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც, მისი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძემ არ გაიზიარა. ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ნიკოლოზ ბარათაშვილს. მისი შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალად არის მიჩნეული. ტატოს ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში კი დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული.

ნიკოლოზ ბარათაშვილი სრულიად ახალგაზრდა 27 წლის ასაკში მალარიით განჯაში გარდაიცვალა. ის განჯადან თბილისში დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს, მოგვიანებით კი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.