13 დეკემბერი, 2014

დღეს ანდრიაობაა

andria113 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე რომელიც იქნა ამორჩეული. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს ქადაგება წილად ხვდა შავი ზღვის სანაპიროზე, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით და სკვითეთში, დღევანდელი რუსეთი.

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. მას სულ ოთხი მისიონერული მოგზაურობა ჰქონდა და სწორედ მეოთხე მისიონერული მოგზაურობის დროს შემოვიდა საქართველოში. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და გაემგზავრა თავის საბოლოო მოგზაურობაში. გადმოცემით ცნობილია რომ ის ისევ ეწვია პონტოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდა ყირიმში და ზევით აყვა დნეპრს ვიდრე კიევამდე ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, საბერძნეთის ქალაქი პატრა იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს.

წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად დაკრძალული იყო საბერძნეთის ქალაქ პატრაში, სადაც ეგაეტის ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. კონსტანტინე დიდის ვაჟმა კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებელისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქალაქ პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში. დღესდღეობით წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის ჯვრის გვერდით ქალაქ პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზე იმყოფება მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია წინასწარმეტყველის სავანეში, ხოლო მეორე ტერფი, წმინდა ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმიდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები 1208 წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს.

2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ ჩამოაბრძანეს.

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება 13 დეკემბერს და 12 მაისს.