17 დეკემბერი, 2014

ჩრდილების თეატრი ქველმოქმედებაში ერთვება

chrdilebiჩრდილების თეატრი ზუგდიდში საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ციტრუსის“ ორგანიზებით და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 18 დეკემბერს შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“.

სპექტაკლის პირველ, ძირითად ნაწილში მოთხრობილია დათვის ბელის ამბავი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები დაინახავენ საკუთარ თავს, ხოლო დიდები გაიხსენებენ ბავშვობას, სამყაროს შემეცნების პერიოდს.

სპექტაკლის მეორე, მცირე ნაწილში დათვის ბელი პერსონაჟებს ასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერას „ცა ლაჟვარდი“ და ამით ემშვიდობება მაყურებლებს.

სპექტაკლის პრემიერა 1991 წელს შედგა საფრანგეთში ფესტივალზე, მარიონეტების კვირეულზე პარიზში. მისი ხანგრძლივობა 60 წუთია. სცენარის ავტორი და რეჟისორია გელა კანდელაკი, კომპოზიტორი თეიმურაზ ბაკურაძე, ახმოვანებენ ეკა კვალიაშვილი, მალხაზ კუხიანიძე, ვახტანგ კომახიძე, სიმღერას ასრულებენ კახი კავსაძე, კოტე, ნინო და თამარ ჟვანიები. სპექტაკლში მონაწილეობენ ვადიმ შუბითიძე, ელენე მურჯიკნელი, პაატა შენგელია, ირაკლი მიზრახი, ქეთევან ჭიტაძე, ელენე ზუბაშვილი, ზურაბ ქვაჩახია, შორენა ფსუტური და ლევან ჩაჩანიძე.