18 დეკემბერი, 2014

ჩერჩილის ნახატი 1,8 მილიონად გაიყიდა

cherchil1დიდი ბრიტანეთის 63-ე პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ნახატები ლონდონში Sotheby’s-ს აუქციონზე გასაყიდად იქნა გატანილი. სახელმწიფო მოხელემ პირველად ფუნჯი ხელში 40 წლის ასაკში აიღო და 500-მდე ნახატი შექმნა.

ჩერჩილის ნამუშევრები ინახებოდა მის აწ უკვე გარდაცვლილ უმცროს ქალიშვილთან მერი სოამსთან. ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია მისმა 15-მა ნახატმა, რომელშიც Sotheby’s-ს აუქციონის წარმომაგენელთა თქმით, ჩერჩილის ტალანტი გამორჩეულად ჩანს.

აუქციონზე მთლიანობაში წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტი ნივთი. მათ შორის ისტორიული რელიქვიები, ჩერჩილის ფუნჯები, მისი მეგობარი მხატვრების ნამუშევრები, ფოტოები, დოკუმენტების ყუთი, სიგარების ყუთი, სიტყვით გამოსვლების ჩანაწერები, კოლეგებისა და ჩერჩილთან მომუშავე პირთა საჩუქრები.

აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა უინსტონ ჩერჩილის ტილო „გუბურა ოქროს თევზებით ჩერტველში”. მისმა ღირებულებამ 1,8 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ლოტის საწყისი ფასი 400-600 ათას სტერლინგს შეადგენდა. როგორც აუქციონის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს რეკორდული თანხაა. მთლიანობაში ლოტების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 15, 44 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.