2 დეკემბერი, 2014

ბრიტნი სპირსი 33 წლის გახდა

britniამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი 2 დეკემბერს 33 წლის გახდა. პოპ-მუსიკის, დენს პოპისა და ელექტრო პოპის შემსრულებელი კარიერის განმავლობაში არაერთი სკანდალის თუ გახმაურებული ამბის მონაწილე გახდა. 1992 წლიდან დღემდე მისი სახელი ყოველთვის ხმაურით იპყრობს მსმენელის გულებს.

ბრიტნი ჯინ სპირსმა სიმღერით გამოსვლები დაიწყო ბავშვობიდან, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა. სადებიუტო ალბომი გამოსცა 18 წლის ასაკში, რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში ბრიტნი სპირსი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც. მომღერალი მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-ხატად და გაყიდვების რეკორდები დაამყარა, ხოლო მისი სიმღერები იქცა საერთაშორისო ნომერ პირველ ჰიტებად.

ბრიტნი სპირსის სახელთან არის დაკავშირებული 90-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინება. 20 წლის ასაკამდე იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოზარდ შემსრულებლად იქცა, რამაც „პოპ-პრინცესის“ ტიტული მოუტანა. მესამე სტუდიური ალბომის გამოცემის შემდეგ, მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „გზაჯვარედინები“. მეოთხე სტუდიურ ალბომზე მან უკვე სრული შემოქმედებითი კონტროლი დაამყარა.

პირადი პრობლემების გამო მომღერლის კარიერა დროებით შეჩერდა. მეხუთე ალბომი 2007 წელს გამოიცა და მიუხედავად მცირე პრომო-კამპანიისა, მის სინგლებს დიდი წარმატება ხვდა წილად. ბრიტნი სპირსის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე 2009 წელს დაიწყო. იმავე წლის ოქტომბერში მან გამოსცა შემდგომში ჩარტების სათავეში მოხვედრილი სინგლი „3“, რომელიც მის კარიერაში „ბილბორდის“ ცხელი ასეულის N1 პოზიციაზე მოხვედრილი რიგით მესამე სინგლი აღმოჩნდა. მეშვიდე სტუდიური ალბომი მომღერალმა სამი წლის წინ 2011 წელს გამოსცა. იგი იქცა მის პირველ ალბომად, რომლის ზედიზედ სამი სინგლი მოხვდა აშშ-ის ათეულებში. იმავე წელს მის კარიერაში რიგით მეხუთე N1 სინგლად იქცა ერთ-ერთი სიმღერის რემიქსი ჩაწერილი რიანასთან ერთად.

თავისი მუსიკალური კარიერის მანძილზე ბრიტნი სპირსმა მიიღო მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის გრემი, ემთივის ვიდეოს 6 ჯილდო, ბილბორდის 9 ჯილდო და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.