4 დეკემბერი, 2014

„არტ ჰოლზე“ კულტურის სამინისტრო იზრუნებს

heladosგოგა პიპინაშვილის მიერ წლების წინ დაარსებულ ხელოვნების საყმაწვილო ცენტრზე “არტ ჰოლი” ამიერიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იზრუნებს. განცხადება ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა. ის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში სტუდიის მიერ დადგმული სპექტაკლის „ჰელადოსის” განახლებული ვერსიის პრემიერას დაესწრო.

სპექტაკლის რეჟისორი გოგა პიპინაშვილია და მასში სტუდია „ართ-ჰოლის” მსახიობებთან ერთად, ცნობილი მსახიობები ნანა შონია და თემო გვალია მონაწილეობენ.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა საკუთარი ინიციატივა გააჟღერა, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას, პატრონაჟი გაუწიოს ხელოვნების საყმაწვილო ცენტრის “ართ–ჰოლის” აღსაზრდელებს. მოზარდების სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში ჩართვისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, დაიგეგმება “ართ–ჰოლის” აღსაზრდელებისთვის ექსკურსიები, შეხვედრები მწერლებთან, მსახიობებთან, მომღერლებთან; მათი სპექტაკლების სხვადასხვა რეგიონებში გამართვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები და კატალოგები. პროექტი დიდ როლს შეასრულებს ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განვითარებაში.