31 დეკემბერი, 2014

31 დეკემბერს იპოლიტე ხვიჩია დაიბადა

ipo131 დეკემბერი ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა. მას ქართველ ლუი დე ფიუნესსაც უწოდებდნენ.

საქართველოს სახალხო არტისტმა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი დაამთავრა, იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს სხვადასხვა სპექტაკლებში.

5 წლის განმავლობაში მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე იმუშავა და შეასრულა შაქროს როლი მამფორიას “მეტეხის ჩრდილში” და სპირიდონის როლი აზიანის “უკანასკნელ მასკარადში”.

1956 წლიდან იპოლიტე ხვიჩია ქართულ ფილმებში გამოჩნდა: “საბუდარელი ჭაბუკი”, “მანანა”, “ბურთი და მოედანი”, “თხუნელა”, “თოჯინები იცინიან”, “არ იდარდო!”, “ფეოლა”, “მხიარული რომანი”, “პირველი მერცხალი”, “დათა თუთაშხია” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა მიიღო მონაწილეობა.

მსახიობი გამოდიოდა ესტრადაზეც. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.

მსახიობი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. იპოლიტე ხვიჩიას სახელის უკვდავსაყოფად დაწესდა სპეციალური პრემია “იპო”, რომელიც ქართულ ხელოვნებაში გამორჩეულ ადამიანებს გადაეცემათ. ქუჩას თბილისში, სადაც მსახიობი ცხოვრობდა, იპოლიტე ხვიჩიას სახელი ეწოდა.