2014 – ქართული კინოს წელი

cinemaსაქართველოს ეროვნული კინოცენტრი 2014 წელს აფასებს და ამ წელს ქართული კინოს წარმატების წელს უწოდებს:

“ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ოქროს გლობუსის ნომინანტია; ოსკარის „შორთ ლისტსში“ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ორი ქართული ფილმი მოხვდა: საქართველოს მიერ წარდგენილი „სიმინდი კუნძული“ და ესტონეთიდან წარდგენილი ქართულ-ესტონური კოპროდუქცია „მანდარინები“; ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა MoMA და ბერკლის წყნარი ოკეანის არქივში გაიმართა ქართული ფილმების მასშტაბური რეტროსპექტივა “აღმოაჩინე ქართული კინო“. ნაჩვენები იყო და ჩვენებები გრძელდება – 50-მდე ქართული ფილმი უხმო პერიოდიდან დაწყებული თანამედროვე ფილმების ჩათვლით; ელდარ შენგელაიას კომედია „ცისფერი მთები“ მონაწილეობდა კანის ფესტივალზე სექციაში Cannes Classic სექციაში და მას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში კი მონაწილეობდა დეა კულუმბეგაშვილის მინიმალისტური ფილმი „უხილავი სივრცეები“; სამხრეთ კორეაში, ბუსანის საერთშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ფოკუსი იყო ქართველ ქალ კინორეჟისორებზე. ნაჩვენები იყო 12 ნამუშევარი – დაწყებული 1930 წლიდან დამთავრებული 2014 წლის ფილმებით. გამოვიდა წიგნი ინგლისურ-კორეულ ენებზე “ქართველ ქალ კინორეჟისორთა სიძლიერე“; თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“ და ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“ ბერლინალეს ფორუმსა და პანორამაში მონაწილეობდა, ორივე ერთად დაახლოებით 30 საერთაშირისო ფესტივალის პრიზი აქვთ აღებული; გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ კარლოვი ვარის „ბროლის გლობუსის“ მფლობელი გახდა და ფესტივალის ტრიუმფატორ ფილმად იქცა; ახლაგაზრდა რეჟისორის მარიამ ხაჭვანის მოკლე ფილმი „დინოლა“ ევროპის კინოაკადემიის ნომინაციაში იყო დასახელებული; წელს პირველად მიიღო საქართველომ მონაწილეობა ნორჩი მაყურებლების ევროპული აკადემიის ჯილდოს მინიჭებაში Young Audience Award; კინოცენტრის მხარდაჭერით ტრადიციულად ჩატარდა კინოფესტივალები: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი“, რუსეთის მიერ ოკუპირებული ოსეთის სასაზღვრო სოფელში გამართული ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკი“ , და სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“; თბილისში წელს პირველად ჩატარდა საბავშვო ერთდღიანი ფესტივალი „ჯიფონი საქართველო”, რომელმაც უდიდესი სიყვარული მოიპოვა თინეიჯერებში; კინო სკოლაში – კინოცენტრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40 სკოლაში კინოცენტრის მიერ მომზადებული კინოსპეციალისტების მიერ ნაჩვენები იყო მსოფლიო და ქართული კინოკლასიკის 24 შედევრი. ჩვენებებს დაესწრო 11000 მდე ბავშვი, ჩატარდა 960 ჩვენება. ჩვენებების შემდეგ იმართებოდა დისკუსიები. ბავშვებმა დაწერეს სცენარები და საუკეთესო 5 სცენარის მიხედვით ბავშვები იღებენ ფილმებს.”