26 ნოემბერი, 2014

ტინა ტერნერი 75 წლისაა

426 ნოემბერს ტინა ტერნერი 75 წლის გახდა. მომღერალი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ანა მეი ბალოკი, ასაკს არ ნებდება და მსმენელის გაოცებას განაგრძობს. ამის საშუალებას ტერნერს ის მუსიკალური მიმდინარეობებიც აძლევს, რომელსაც ასრულებს როკ-მუსიკა, პოპი, სოული, როკ ენ როლი, რითმ ენდ ბლუზი. მისი კარიერა 50 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს და თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“.
იუბიალრის მუსიკალური კარიერა დაიწყო აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ ტინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, ტინა“. სოლო-კარიერის დაწყებით კი მან საბოლოოდ განიმტკიცა სახელი მუსიკალურ სამყაროში. მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“, მაგრამ მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა.
როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში.
2008-2009 წლებში ტერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც აღნიშნავდა მის 50 წლიან მუსიკალურ კარიერას. თავისი დროისთვის სწორედ ეს ტური ყველაზე გაყიდვად საკონცერტო მოვლენად იქცა.