27 ნოემბერი, 2014

თოჯინების თეატრის პრობლემებს კომისია შეისწავლის

12გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის პრობლემებს სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეისწავლის, რომელიც კულტურის სამინისტროში იქმნება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თოჯინების თეატრს ეწვია. მიხეილ მინისტრი თეატრის კოლექტივს შეხვდა, დასის რეპეტიციას დაესწრო და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს. გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი უკვე 4 წელია შენობის გარეშეა დარჩენილი. თეატრის ფასადი აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში გარემონტდა, მაგრამ შენობა შიგნიდან დანგრეულია. დღეისათვის, თოჯინების თეატრი მეტრო „მარჯანიშვილის“ უკან მდებარე ერთ-ერთი შენობის მეხუთე სართულზეა განთავსებული, სადაც 9 ოთახი აქვთ დათმობილი, თეატრს ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობები არ გააჩნია.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, მსგავსი პრობლემების მოგვარების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტულ გეგმასაც შეიმუშავებს.