თინა მახარაძე საპროტესტო აქციას ჩაატარებს

6მსახიობი თინა მახარაძე 25 ნოემბერს საპროტესტო აქციას ჩაატარებს, რომელიც 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება და ქალთა წინააღმდეგ ძალადობას მიეძღვნება:
“რა თქმა უნდა, არ მაქვს ილუზია, რომ მსგავსი აქტივობა ძალადობის სურვილს დაუქვეითებს და აგრესიას დაუცხრობს მოძალადე კაცებს. სულ რომ თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი აქციები, პირველ რიგში, რეაქციაა საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე და ურეაქციო საზოგადოება კი მკვდარია, მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არის ზურგის ქარი ფონს გასასვლელად. ქალების გამოწრთობა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ აღარ ეშინოდეთ, აღარ იყვნენ სუსტები, დაუცველები, უმოქმედოები და ურეაქციოები. ამიტომ 25 ნოემბერს პირველ საათზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობის წინ. “რაც შეიძლება მეტი” ადამიანის რეაქცია უდრის მით უფრო ნაკლებ მიჩეხილ-მოჩეხილ ქალს, მით უფრო ნაკლებ თავში რტყმას, მერე ნაკლებ ჭორაობას ფეისბუქზე და ეგება, ოდესმე, დიდი ქვეყანა რომ გავიზრდებით, ჩვენც კარგი ქვეყანა გამოვიდეთ.”