20 ნოემბერი, 2014

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს “პრეზიდენტი” გახსნის

8თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის ახალი ფილმი „პრეზიდენტი” გახსნის. ფილმი, რომელმაც ჩიკაგოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ოქროს ჰუგო აიღო და საუკეთესო ფილმად დასახელდა, საქართველოშია გადაღებული და მასში 50-მდე ქართველი მსახიობი თამაშობს. ფილმი ოთხი ქვეყნის, საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.
„პრეზიდენტი” ჩამოგდებული დიქტატორის და მისი 5 წლის შვილიშვილის ამბავს ასახავს: გადატრიალების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი შვილიშვილთან ერთად გაქცევას ცდილობს და შენიღბვის მიზნით ქუჩებში სხვადასხვა ფორმაში გადაცმული დადის. ყოფილ დიქტატორს საკუთარ მოსახლეობასთან პირადად უწევს კონტაქტში შესვლა და სრულიად ახლებურად ხედავს რეალობას. ის ყოფილ პოლიტპატიმრებსაც ხვდება, რომლებიც მისი რეჟიმის დროს ისხდნენ ციხეში. ფილმში დიქტატორის როლს ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი თამაშობს, მისი შვილიშვილის როლს კი დაჩი ორველაშვილი ასრულებს.
რეჟისორმა ფილმზე მუშაობა 2014 წლის ზამთარში დაიწყო. გადაღებებზე მას უმცროსი ქალიშვილი, ასევე რეჟისორი, ჰანა მახმალბაფი ეხმარებოდა. ჰანა, ისევე როგორც მოჰსენ მახმალბაფი, თბილისის კინოფესტივალის ხშირი სტუმრები არიან და სხვადასხვა დროს ფესტივალის ჟიურის წევრებიც იყვნენ.
„პრეზიდენტის” პრემიერა 27 აგვისტოს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, ფილმმა ფესტივალი გახსნა და მას ძირითადად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა: „ეს ნამდვილად კარგი ფილმია და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მახმალბაფის ფილმს შეიძლება კომერციული წარმატებაც კი ხვდეს წილად,” – ასე შეაფასა ფილმი ბრიტანული გაზეთის „გარდიანის” ცნობილმა მიმომხილველმა, კინოკრიტიკოსმა პიტერ ბრედშოუმ. ბრედშოუ ფილმს „თამამ” და „ლაღ” იგავს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის ინტერპრეტაციის კარგ საშუალებას იძლევა:
„მახმალბაფის სატირა ეხმიანება როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე არაბული გაზაფხულის მოვლენებს. მისი პრეზიდენტი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ცუდი რეპუტაციის მქონე ლიდერი, რომელსაც აშშ და დასავლეთი იყენებდნენ კომუნიზმისა და ისლამიზმის წინააღმდეგ, აშინებდნენ რა ხალხს საკუთარ ქვეყნებში და ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს. როგორც ჩანს, ფილმის ბრუტალური დასასრული შთაგონებულია სადამ ჰუსეინის დამხობით. თუმცაღა, პრეზიდენტში ვლადიმერ პუტინის ნეოსაბჭოთა თვითკმაყოფილებაც იგრძნობა,” – ვკითხულობთ ბრედშოუს რევიუში.
“პრეზიდენტის” ქართულ პრემიერას დეკემბერში რეჟისორი და მისი ქალიშვილიც დაესწრებიან.