ჭაბუა ამირეჯიბი 93 წლის გახდებოდა

ჭაბუა ამირეჯიბი 93 წლის გახდებოდა18 ნოემბერს ქართველი კლასიკოსის ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა. მას 93 წელი შეუსრულდებოდა.

ის თბილისში 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. დედა მარიამ ნაკაშიძეი იყო, მამა ირაკლი ამირეჯიბი. თბილისის 46-ე არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მწერალი შევიდა ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის რადიო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1938 წელს. 1939 წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1941 წლის 23 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში. ამ დროისათვის ჭაბუა ამირეჯიბის დედ-მამა და ახლო ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ: მამა დახვრიტეს, დედა გადაასახლეს. მისი ბიძა შალვა ამირეჯიბი – ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში – ემიგრაციაშია. ყოველივე ამის გამო მწერალი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც “არასწორად გაწვეული”.

თბილისში დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო თსუ-ში. იყო არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი. 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით და მიუსაჯეს 25 წლის პატიმრობა. მალე სასჯელი შეუცვალეს დახვრეტით. სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა სამთვენახევარი, შემდეგ კვლავ შეუცვალეს განაჩენი 25 წლის პატიმრობით. პატიმრობის მანძილზე სამჯერ გაიქცა. დახვრეტა მეორედაც მიუსაჯეს, რაც შემდგომ შეცვალეს და ახალი ვადა დაუმატეს. საერთო ჯამში, მას 83 წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრობის დროს მონაწილეობდა ყარაგანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, იყო ამ აჯანყებათა ორგკომიტეტის წევრი. პატიმრობის 16 წელი გაატარა ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში. იყო ტყის მჭრელი, ჩრ. ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-47), ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1947-50). ჭაბუა ამირეჯიბი 1959 წლის დეკემბერში დაბრუნდა გადასახლებიდან.

მან სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1960 წელს, როცა ჟურნალ “მნათობში” გამოაქვეყნა მოთხრობა “რატომ არ დამაცადე”. იგი ავტორია მოთხრობების კრებულებისა “გზა”, “ძია შოთას ბადია”, “არაკების კრებული”, “თაფლის წვეთი”, არის მრვალი პუბლიცისტური წერილის, სცენარებისა და სტატიების ავტორი.

მისი გახმაურებული რომანი “დათა თუთაშხია” 1972 წელს ჟურნალ “ცისკარში” დაიბეჭდა. იგი ითარგმნა მსოფლიოს მრვალ ენაზე. რომანი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად წარადგინეს 1977 წელს, მაგრამ მაშინ ეს პრემია მწერალს არ მიენიჭა. 1978 წელს ავტორისვე სცენარით გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გაბესკერიამ გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. 1981 წელს ჭაბუა ამირეჯიბს, როგორც სცენარის ავტორს, ფილმ “დათა თუთაშხიას” დამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში.

1995 წელს გამოაქვეყნა რომანი “გორა მბორგალი”.

2003 წელს რომანი “გიორგი ბრწყინვალე”.

2010 წელს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

2009 – ლიტერატურული პრემია “საბა” ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

1998 – საქართველოს სახელმწიფო პრემია

1995 – ღირსების ორდენი

1994 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

1979 – სსრკ სახელმწიფო პრემია

2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2002 წელს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში შარშან გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.