18 ნოემბერი, 2014

სოხუმის თეატრი ახმეტელის თეატრში გადავიდა

20სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახმეტელის თეატრში გადავიდა. სოხუმის თეატრი ამიერიდან სპექტაკლებს სწორედ ახმეტელის თეატრში ითამაშებს, თუმცა არც სხვა თეატრების მიწვევაზე იტყვის უარს.

პირველი სპექტაკლი სოხუმის თეატრმა ახმეტელის თეატრში უკვე ითამაშა. დასმა წარმოადგინა რეჟისორ დავით საყვარელიძის მიერ დადგმული სპექტაკლი “ნავიგატორი”, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა.

დავით საყვარელიძემ სპექტაკლი ლაშა ბუღაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ ლილი ხურითი (ნავიგატორი), ბადრი ბეგალიშვილი (როსტომი), გიორგი გასვიანი (ჯაყელი), ნანა ხურითი (კლარა), ედემ ხვიჩია (დირექტორი, ბატონი ოთარი), ნიკოლოზ წერედიანი (დეპრტამენტის უფროსი – ემზარი), დავით ბერაძე (აკრბა), ბესარიონ ქარჩავა (როსტომის მამა), იზოლდა ბოკუჩავა (ნათელა, სასადილოს გამგე).

ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი”  2011 წლის  ბიბისისა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გამარჯვებულია. ამავე წლის ბოლოს დაიდგა ბიბისის რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.

ამონარიდები ბიბისისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან:

“ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა.”

“პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია… პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი”.

პიესამ მიიღო „საბა“ 2012 წელს.

“ნავიგატორი“ – ეს არის ფანტასტიკა ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს. პიესის მთავარი გმირი მამაკაცია, რომელიც ჩაკეტილია და სხვებთან კომუნიკაცია უჭირს.

თუმცა, ერთი შემთხვევა ცხოვრებას მთლიანად შეუცვლის… სამსახური მას ისეთ მანქანას მისცემს, სადაც ნავიგაციის სისტემაა დამონტაჟებული, ნავიგატორს ქალის ხმა აქვს.

თავიდან ის ფორმალურ რჩევებს იძლევა, შემდეგ მათი დიალოგი ჩვეულებრივ ტექნიკურ კონტაქტს ცდება და იქამდე მიდის, რომ მათ შორის გრძნობა ჩნდება…

“ამ სპექტაკლით, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, პირველად წარვსდგექი მაყურებლის წინაშე. ამიტომ ორმაგად ვინერვიულე. ძალიან მინდა, რომ ამ სპექტაკლს ბევრი მაყურებელი დაესწროს! თქვენი მოსვლით მხარს დაუჭერთ ჩემ საყვარელ თეატრს და დარწმუნებული ვარ ისიამოვნებთ სპექტაკლით,” – ამბობს რეჟისორი დავით საყვარელიძე.