23 ნოემბერი, 2014

სამების ტაძრის კურთხევიდან 10 წელი გავიდა

5წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 10 წელი გავიდა. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა და ტაძრის აღმშენებლობაში მონაწილეები დალოცა.

სამების ტაძარი მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარში. მისი მშენებლობა 1995-2004 წლებში მიმდინარეობდა. ტაძრის არქიტექტორია არჩილ მინდიაშვილი. ამავე არქიტექტორის პროექტით შენდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი “წმინდა სამების საკათედრო ტაძრის” პროექტზე. პირველ ეტაპზე 100-მდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება 6 წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.

სამების ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს გიორგობის დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება – მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ეკლესიის საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით კი 86.10 მეტრია.