30 ნოემბერი, 2014

რეზო თავართქილაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა

10მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობს რეზო თავართქილაძეს 30 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობი შარშან სექტემბერში 84 წლის ასაკში გარდაიცვლა. ის სიცოცხლის ბოლომდე თეატრის სცენაზე იდგა და ახალ როლებს თამაშობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მსახიობს მშობლიური თეატრის წინ მისივე სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.

მსახიობმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამასხიობო განყოფილება დაამთავრა ლილი იოსელიანისა და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობად. პარალელურად მოღვაწეობდა კინოსტუდია “ქართული ფილმში” დუბლიჟის განყოფილებაში. ერთი წელი მუშაობდა სოხუმის თეატრში, საიდანაც კულტურის სამინისტროს მიერ დაინიშნა ანსამბლ “ორერას” კონფერანსიედ. ასევე მუშაობდა ტელევიზიაში სხვადასხვა გადაცემების წამყვანად. სხვადასხვა წლებში ნაყოფიერი მუშაობისთვის არაერთი პრიზი და ჯილდო მიიღო. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი მაყურებლის მხრიდან სითბოთი და სიყვარულით ყოველთვის განებივრებული იყო.

რეზო თავართქილაძის გარდაცვალების გამო, მოზარდმაყურებელთა თეატრმა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვითისაშვილის გადაწყვეტილებით, მთელი თეატრალური სეზონი სწორედ რეზო თავართქილაძის ხსოვნას მიუძღვნა. თეატრის ახლადგახსნილ ექსპერიმენტულ დარბაზს კი რეზო თავართქილაძის სახელი ეწოდა.