25 ნოემბერი, 2014

მწერალთა სახლს 100.000 ლარი გამოუყვეს

9მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლს შენობის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად 100.000 ლარი გამოუყვეს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აგრძელებს შეხვედრებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ამჯერად ის მწერალთა სახლს ეწვია და მისი დირექტორის ნატა ლომოურის მასპინძლობით ისტორიული შენობა დაათვალიერა, თანამშრომლებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა მწერალთა სახლის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მწერალთა სახლის რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპიან პროექტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. კულტურის სამინისტრო ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული სამუშაოების კოორდინაციას.

ამ ეტაპზე მწერალთა სახლში მიმდინარეობს ლიტერატურული კაფის მოწყობა. უკვე დასრულებულია სამზარეულოს აღჭურვა, აგრეთვე ბაღის განახლება.

2015 წლისთვის, შენობის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 100 ათასი ლარი გამოყო, რითიც მოხდება შენობის პირველი სართულის სრულად კეთილმოწყობა, ბიბლიოთეკის, წიგნის მაღაზიის და საგამოფენო დარბაზის გახსნა.