XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წელი გავიდა. მისი ნაწარმოებები დღემდე აქტუალურობას არ კარგავს და გულგრილს ვერ ტოვებს ქართველ მკითხველს.
მიხეილ ჯავახიშვილის ნამდვილი გვარი ადამაშვილია. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მწერლის მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაგუგებრობა თავად მწერალმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.
მიხეილ ჯავახიშვილის პირველი მოთხრობა “ჩანჩურა” 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 20-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
მისი შემოქმედება ორ პერიოდად არის დაყოფილი. ის რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. მისი შემოქმედებიდან გამორჩეულია “ჯაყოს ხიზნები”, სადაც მწერალმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.
მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. ის სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. მიხეილ ჯავახიშვილი დააპატიმრეს და გადაასახლეს, რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.
1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.
მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. 30 სექტემბერს კი 53 წლის ასაკში სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს და მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.