25 ნოემბერი, 2014

მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა

12ქართველი ფილოსოფოსისა და პროფესორის მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა.

იგი ბავშვობიდან გამორჩეული მოაზროვნე იყო, არ აკმაყოფილებდა მიღებული ცოდნა. მუდამ ძიებაში მყოფს, უჭირდა იმის პოვნა, რაც მის მოუსვენარ სულს და ცნობიერებას დააკმაყოფილებდა, ამიტომაც სასწავლებლად მოსკოვში წავიდა. მერაბ მამარდაშვილმა ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ფილოსოფია, ფრანგული, გერმანული. იოლად დაეუფლა ენებს, მაგრამ წერდა მხოლოდ ქართულად და რუსულად. მერაბ მამარდაშვილი ასე იგონებს სტუდენტობის წლებს: “მე გამიტაცა კითხვის ნაკადმა, რომელიც შემთხვევით ფრანგული საკითხავი მასალა აღმოჩნდა:მონტენი, მონტესკიე, ლიბოესი, რუსო, სწორედ მათ ჩამოაყალიბეს ჩემი სიჭაბუკე.ჩემი თავი სიმარტოვეში ჩამოვაყალიბე, ფრანგული წიგნების წყალობით და არც კი ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით, თბილისის უნივრსიტეტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამყოფი იყვნენ გერმანიაში. ქართველები, რომლებიც იყვნენ გერმანიაში გაგზავნილნი ფილოსოფიის შესასწავლად და დაბრუნდნენ. მე კი ‘სიბრძნის შესასწავლად’ მოსკოვის უნივერსიტეტში გავემგზავრე და იქ ვერაფერი ვიპოვე.”

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მერაბ მამარდაშვილი მუშაობდა სამეცნიერო ჟურნალის “ვოპროსი ფილოსოფიი” მთავარი რედაქტორის მოადგილედ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად. მოგვიანებით მერაბ მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

გერმანული ფილოსოფიის, განსაკუთრებით იმანუელ კანტის გავლენით მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მერაბ მამარდაშვილის ბიუსტი, ძეგლის ავტორიაერნსტ ნეიზვესტნია.