29 ნოემბერი, 2014

მარინა თაბუკაშვილმა კატო მიქელაძის სახელობის პრემია მიიღო

30ქალთა ფონდ „ტასოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მარინა თაბუკაშვილი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. პრემიის გადაცემის ცერემონია შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ კატო მიქელაძის სახელობის პრემიას ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში ყოველწლიურად გადასცემს. პრემიის გადაცემის მიზანი ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისებაა.

პრემია ქალთა ფონდმა 2013 წელს დააწესა. მისი პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.

წელს პრემიის გადაცემის ცერემონიას ქალთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ნიდერლანდების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.