20 ნოემბერი, 2014

მაია პლისეცკაია 89 წლისაა

10მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინა მაია პლისეცკაია 89 წლისაა. მისი პოპულარობა იმ განუმეორებელმა სტილმა და ცეკვის მანერამ განაპირობა, რომლითაც იუბილარმა მოცეკვავემ მაყურებლის აღფრთოვანება შეძლო.

“რაიმონდა”, “ჟიზელი”, “მძინარე მზეთუნახავი”, “დონ კიხოტი”, რომეო და ჯულიეტა” – ეს იმ ბალეტების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ბალერინამ თავისი პარტიები უნაკლოდ იცეკვა.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მაია პლისეცკაია ოფიციალურად დასახელდა დიდი თეატრის პირველ ბალერინად. მას სურდა ეცეკვა არა მარტო კლასიკური საბალეტო დადგმები, არამედ თანამედროვე სპექტაკლებიც. საბალეტო წარმოდგენების პარალელურად, ის კინემატოგრაფსა და ტელევიზიაშიც ბევრს მუშაობდა.

90-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო საბალეტო კონკურსი “მაია”, რომლის ჟიურის თავმჯდომარეც თავად ბალერინა იყო. მის შემოქმედებას მიეძღვნა არაერთი გამოცემა, სატელევიზიო თუ რადიო გადაცემა, არის არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი.

89 წლის პრიმა ბალერინა 56 წელია კომპოზიტორ როდიონ შედრინის მეუღლეა. ისინი ამ ეტაპზე სამ ქვეყანაში ცხოვრობენ, გერმანიაში, რუსეთში და ლიტვაში.

მაია პლისეცკაია თბილისს რამდენიმე თვის წინ სტუმრობდა. მან და მისმა მეუღლემ მიიღეს გადაწყვეტილება, მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში ჩაერთონ და ფინანსური დახმარება გაუწიონ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მშენებლობას.