24 ნოემბერი, 2014

ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები საჯაროა

11ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები საჯაროა. ნახატები ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი ექსპოზიციაზე სახელწოდებით ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში.”

გამოფენის მიზანია 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებისა და მათ მიერ ქართულ მხატვრობაში მოხდენილი რეფორმის შესაბამის კონტექსტში ჩვენება. ქართველი მხატვრების ამ თაობის შემოქმედება, ცნობილი „პოსტსტალინური ლიბერალიზაციის” სახელით, წარმოადგენს ახალ ეტაპს ქართული მხატვრობის ისტორიაში. კერძოდ, 30-40-იან წლებში სოცრეალისტური მხატვრული მეთოდის პროპაგანდისტული ხასიათის ნამუშევრების ფონზე, 50-იანელები იწყებენ განსხვავებულ აზროვნებას, დამყარებულს გამოკვეთილად ფერწერულ, სპეციფიკურად მხატვრულ ამოცანებზე, არა კოლექტიურ, არამედ ინდივიდუალურ ძიებებსა და მიგნებებზე, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი აღმოჩნდა ქართული მხატვრობის შემდგომი განვითარებისთვის. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 50-იანელთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ავტორთა მიერ სხვადასხვა წლებში ილუსტრირებული წიგნები. დამთვალიერებელი აგრეთვე გაეცნობა საინფორმაციო მასალას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული არქივებიდან.

ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებთან ერთად დამთვალიერებელს საშუალება აქვს გამოფენაზე იხილოს ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრები, როგორებიც არიან ზურაბ ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, დიმიტრი ერისთავი, თენგიზ მირზაშვილი, გურამ ქუთათელაძე, ლეოპოლდ ძაძამიძე, რევაზ თარხან-მოურავი, ლევან ცუცქირიძე, ჟანგო მეძმარიაშვილი, მიხეილ ხვიტია, ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩევი, დიმიტრი ხახუტაშვილი, გოგი ოჩიაური, ავთო ვარაზი, ვალენტინ შერპილოვი, ზურაბ ლეჟავა, უჩა ჯაფარიძე, თამარ აბაკელია, კორნელი სანაძე, რობერტ სტურუა და დავით კაკაბაძე.

გამოფენის ფარგლებში დაიგეგმა სალექციო კურსის ჩატარება შემდეგ თემებზე: 50-იანელთა მხატვრული რეფორმა, ტოტალიტარიზმი და სახვითი ხელოვნება, საბჭოთა მხატვრული კრიტიკის თავისებურებები. ასევე, მოეწყობა შეხვედრები მხატვრებთან – ლევან ცუცქირიძე, ზურაბ ნიჟარაძე, დიმიტრი ერისთავი, ჯიბსონ ხუნდაძე.

გამოფენის მონაწილეებს კულტურის მინისტრმა და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა მადლობის ნიშნად სიგელები გადასცეს.