24 ნოემბერი, 2014

კულტურის მინისტრი ფოლკლორის ცენტრს ეწვია

1024 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ეწვია. მინისტრმა დაათვალიერა ფოლკლორის ცენტრის ინფრასტრუქტურა შენობა, საგამოფენო, საპრესკონფერენციო და სარეპეტიციო დარბაზები.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ ლაკონიურად ისაუბრა ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ორ მთავარ პრიორიტეტზე: საქართველოს რეგიონებში (რაიონებში) ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობისა და სალოტბარო სკოლების გახსნის აუცილებლობასა და ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და აღმავლობის საქმეში მათ მნიშვნელობაზე. ასევე 2015-16 წლების ფოლკლორის დათვალიერება-ფესტივალის ჩატარებაზე.

მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თანადგომა და დახმარება აღუთქვა ფოლკლორის ცენტრს მთავარი პრიორიტეტების განხორციელებაში. მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს დაუღალავი შრომისა და საქმის ერთგულებისათვის და მოუწოდა ახალი იდეებისა და მეტი აქტიურობისაკენ, რათა დამატებითი რესურსების მოზიდვა გახდეს შესაძლებელი. მინისტრის განცხადებითვე, კულტურის სამინისტროსთან შეიქმნება ტრეინინგ-ცენტრი, რომელიც დაეხმარება სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულება-ორგანიზაციებს ეფექტური მენეჯმენტის შემუშავებასა და განხორციელებაში. რაც მომავალში განაპირობებს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან წარმატებულ ურთიერთობას, თანხების მოძიებასა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. გიორგი დონაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მობრძანებისა და აქტიური მხარდაჭერისათვის.