29 ნოემბერი, 2014

კოტე ფურცელაძის “კარმენი” თურქეთში დააჯილდოვეს

16ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის სპექტაკლი “კარმენი” თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დააჯილდოვეს. ფესტივალი თურქეთის ქალაქ ანკარაში მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები იღებენ მონაწილეობას.

“კარმენი” ქორეოგრაფიული დრამაა ერთ მოქმედებად. მასში გამოყენებულია ბიზე-შჩედრინის მუსიკა და პროსპერ მერიმეს ლიბრეტო. კოსტუმების მხატვარია ანანო მოსიძე, განათების მხატვარი ია ნადირაშვილი, ხმის რეჟისორი ემზარ ბეგიაშვილი. კარმენს ანა ალექსიშვილი ასახიერებს, ხოსეს ბაჩო ჩაჩიბაია, ტორეადორს არჩილ სოლოღაშვილი, ლეიტენანტს გიორგი ტორიაშვილი. ქორო: ქეთევან ასათიანი, ნუცა გუჩაშვილი, ეკატერინე დემეტრაძე, ანა წერეთელი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, ლევან კახელი და გიგი ქარსელაძე.

ქორეოგრაფიული დრამა „კარმენი“ დადგმულია ბიზე-შჩედრინის „კარმენ-სუიტა“-ს მუსიკაზე, რაც თითქოს თავისთავად მოითხოვს საბალეტო დასის მონაწილეობას, თუმცა ამ შემთხვევაში პროსპერ მერიმეს ნოველის სიუჟეტის სიმძაფრეს მხოლოდ დრამატული თეატრის მსახიობები წარმოადგენენ. სწორედ ეს სინთეზი განსაზღვრავს სპექტაკლის ჟანრს, როგორც ქორეო-დრამას. ქორეო-დრამა „კარმენი“ თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრისა და “მუვინგ თეატრე”-ს (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი ნაწარმოებია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო პროექტში. მასში გაერთიანებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, საფრანგეთი, რუმინეთი, ბრიტანეთი. სპექტაკლის პრემიერა ორი წლის წინ ლონდონში შედგა და 50 წუთიანმა წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამჯერად “კარმენი” თურქეთის საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიმაც მოიწონა და ქართული სპექტაკლი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.