27 ნოემბერი, 2014

ჯიმი ჰენდრიქსი 72 წლის გახდებოდა

5მუსიკოსი ჯიმი ჰენდრისქი 27 ნოემბერს 72 წლის გახდებოდა. ხელოვანმა, რომელიც ნამდვილი სახელი და გვარია ჯონი ელენ ჰენდრიქსი, დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში. მისი მუსიკალური ჟანრები მოიცავდა მძიმე როკს, ბლუზ როკს, ეისიდ როკს, ფსიქოდელიურ როკს. უკრავდა გიტარაზე, ფორტეპიანოზე, დასარტყამ საკრავებზე, ფორტეპიანოზე, სამკუთხედზე, დაირაზე. ის ცაცია იყო, ამიტომ დაკვრა ამოტრიალებულ, სიმებგადაწყობილ გიტარაზე უწევდა – პირველ სიმს ბოლოში დაამაგრებდა, ბოლოს პირველის ადგილას, დანარჩენებსაც გადააწყობდა და ასე უკრავდა. იმ დროისთვის ეს ერთგვარი ნოვაცია იყო. თავდაპირველად ჰენდრიქსმა რამდენიმე ადგილობრივ ბენდში მოსინჯა ძალა, თუმცა მისი კარიერა 1966 წლამდე სრულიად უღიმღამოდ მიედინებოდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა იგი ჩეზ ჩენდლერმა.

ჯიმი ჰენდრიქსი აღიარებულია როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად. ინგლისში მოპოვებული წარმატების შემდეგ მსოფლიო აღიარება მან მონტერეის პოპ ფესტივალზე თავისი გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. იგი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო საკულტო ვუდსტოკის ფესტივალზეც. მისი ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჰენდრიქსის მუსიკა “ზედმეტად ეროტიულად” შერაცხა და მოზარდი თაობისთვის მავნედ მიიჩნია. სცენის მიღმა მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც პრესისთვის რამდენიმე სიტყვას ძლივს აბამდა ერთმანეთზე, სცენაზე ნამდვილ დრაკონად იქცეოდა და, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ცეცხლს აფრქვევდა. ერთ-ერთ კონცერტზე მან გიტარასაც კი წაუკიდა ცეცხლი. კითხვაზე, რატომ მოიქცა ასე, მან უპასუხა: “გიტარის დაწვა ერთგვარი მსხვერპლშეწირვა იყო, მსხვერპლად კი იმას სწირავ, რაც გიყვარს. მე მიყვარს ჩემი გიტარა.”

ჯიმი ჰენდრიქსი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი საძილე პრეპარატისა და ალკოჰოლის შერევით მიღებული ასფიქსიური შეტევა იყო. როკის, ბლუზისა და ფსიქოდელიური მუსიკის გენიოსის ცხოვრება 27 წლის ასაკში დასრულდა. დასრულდა მაშინ, როცა მისი კარიერა ოთხ წელს ითვლიდა. ის გახდა ნომერ პირველი გიტარისტი მსოფლიო როკმუსიკის ისტორიაში. ეს სტატუსი მას გავლენიანმა ამერიკულმა მუსიკალურმა ჟურნალმა “როლინგ სტოუნმაც” მიანიჭა. მუსიკოსის შესახებ მისი მეგობარი ერიკ კლეპტონი ამბობს:

“ის სხვა სამყაროდან იყო. მე ვცადე მასთან მიახლოება, მაგრამ საოცარ ბარიერს გადავაწყდი… და ეს არ იყო ბარიერი ცუდი გაგებით.”