ეთერ თათარაიძემ ახალი წიგნი გამოსცა

18ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ მეუღლესთან ამირან არაბულთან ერთად ახალი წიგნი გამოსცა. „მაესტრო და (არა მხოლოდ) ხევსურეთი” – ასე ეწოდება კრებულს, რომლის პრეზენტაციაც თიბისი გალერეაში შედგა. პრეზენტაციასთან ერთად მოეწყო ფოლკლორული თემატიკის გამოფენაც.

წიგნი თიბისი ბანკის მხარდაჭროთ გამოიცა. მას თან მდიდარი ფოტოილუსტრაცია ახლავს და ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის ნოდარ ანდღულაძის საქართველოს მთიან რეგიონებში ხევსურეთში, გურიასა და სვანეთში მოგზაურობას ასახავს.

ნაშრომში „მაესტრო და (არა მხოლოდ) ხევსურეთი” მკითხველი გაეცნობა 50-იან წლებში არხოტის თემის სოფლებსა და მოსახლეობას, მათი ღვთისმსახურებისა და საყოფაცხოვრებო ამბებს. იმ ადამიანებს, რომელთა მრწამსი, მხატვრული სიტყვა, ცხოვრების წესი და ქცევის ნორმები მაშინდელი მთის თვითმყოფად სახესა და ხასიათს განსაზღვრავდა.

ნოდარ ანდღულაძე სიღრმისეულად იყო დაინტერესებული მთიელთა ძველთაძველი კულტურით. საოპერო ხელოვნების დიდოსტატისთვის უმთავრესი გახლდათ ის საწყისები და სათავეები, სადაც განუმეორებელი ბგერა, ხმა და ეროვნული ინტონაცია იბადებოდა.

წიგნის პრეზენტაციასთან ერთად მოეწყო შავ-თეთრი ფოტოსურათების გამოფენა. ძირითადად წარმოჩენილი იქნა ხევსურული ეთნოტიპაჟის თემა – უძველესი ხევსურული სამოსი და საოჯახო ნივთები, “სამედიცინო” ინსტრუმენტები და საბრძოლო იარაღები.

„მაესტრო და (არა მხოლოდ) ხევსურეთი” ცნობილი ქართველი ფოლკლორისტების ამირან არაბულის და ეთერ თათარაიძის მეხუთე ერთობლივი ნაშრომია. მათ შორისაა “შენდობით მომიხსენიეთ”, რომელიც 2008 წლის „საბას” პრემიის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა.