25 ნოემბერი, 2014

დღეს ტერენტი გრანელის დაბადების დღეა

125 ნოემბერი ქართველი პოეტის ტერენტი გრანელის დაბადების დღეა. არაერთი გენიალური ლექსის ავტორის დაბადებიდან 117 წელი გავიდა. ტერენტი გრანელი პოეტის ფსევდონიმია. ეს ფსევდონიმი მან 1919 წელს დაირქვა. მისი დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, ფსევდონიმს საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „გრანუმ“, რაც მარცვალს ნიშნავს: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“, – ამბობდა პოეტი. მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უოღბლო აღმოჩნდა, ორი წლის უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ფსევდონიმმა გრანელი კი შემოინახა ტერენტის სპეტაკი სიყვარულის ისტორია. მისი მეორე ფსევდონიმია “წალენჯიხელი”, ნამდვილი გვარი კი კვირკველიაა.
ტერენტი გრანელი ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში დაიბადა. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. მამა ცოლად სხვა ქალი შეირთო, რომელიც სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მას ხშირად დაყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.
პოეტი მეექვსე კლასში იყო, როცა მათ სახლი დაეწვათ. ამ უბედურმა შემთხვევამ პოეტი მოწყვიტა სწავლას. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.
ტერენტი გრანელი საცხოვრებლად თბილისში დასთან ერთად წამოვიდა, იმავე წელს მამა გარდაეცვალა. პოეტი მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მისი ლექსები სევდითა და მისტიციზმით არის სავსე, რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. ტერენტი გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად და დაიწყო მისი შევიწროვება. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ამის შემდეგ პოეტს თითქმის არც ერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს, მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“.
1928 წლიდან კი პოეტს მკვეთრი სულიერი დეპრესია დაეწყო. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა, მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. პოეტი 33 წლის ასაკში მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში „არამიანცის“ სავაადმყოფოში 37 წლისა გარდაიცვალა. პოეტი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.