დავით ტურაშვილმა ინტერნეტრომანი წარადგინა

8მწერალმა დავით ტურაშვილმა ახალი ინტერნეტრომანის „სხვა ამსტერდამის” პრეზენტაცია “თიბისი გალერეაში” გამართა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” საზოგადოებას დავით ტურაშვილის ახალ ინტერნეტრომანს წერის პროცესში გამოაქვეყნებს მხოლოდ საბა.ქომ.ჯი-ზე ყოველ ხუთშაბათს და მკითხველი შეძლებს ფეხდაფეხ, მწერალთან ერთად მიჰყვეს ლიტერატურულ სიუჟეტს.

ახალ რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც ამოიკითხავთ, რადგან მისი სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეშიც ვითარდება და ზოგიერთი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეცაა. მათ შორის ავტორის ბაბუაც.

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” ორი წლის წინ დაარსდა თიბისი ბანკის ხელშეწყობით, სადაც დღეისათვის 2000-მდე ელექტრონული წიგნია განთავსებული. ეს ელექტრონული სივრცე აერთიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ მრავალფეროვან ლიტერატურას, ქართულ და უცხოურ კლასიკას, თანამედროვე ბესტსელერებს და ლიტერატურული კონკურსის „საბა” ნომინანტ და ლაურეატ ელექტრონულ წიგნებს, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ნებისმიერ კომპიუტერში, აიოს-ისა და ანდროიდ-ის ტელეფონებსა და ტაბლეტებში.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” უკვე 15 წლისაა და დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში საქართველოში. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” ყოველწლიურად დაახლოებით 400-მდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები.