21 ნოემბერი, 2014

არ მოკლათ მუზა!

13რადიო “მუზას” გადასარჩენად მომზადდა სპეციალური პეტიცია, რომელიც სოციალურ ქსელშია განთავსებული და ყველა მსურველს მასზე ხელის მოწერა შეუძლია:

“რადიო „მუზა“ ამიერკავკასიაში, კლასიკური მუსიკის პირველი და ერთადერთი მაუწყებელია, ის უკვე 6 წელია რაც ქართულ კულტურას ემსახურება. ამ 6 წლის განმავლობაში გაკეთდა უნიკალური ფონოტეკა, რომელიც მოიცავს რადიო მუზას მიერ თითქმის ყველა კონცერტისა და ფესტივალის აუდიო ჩანაწერს, რომელიც მომავლის ოქროს ფონდია. ეს ფონოტეკა უნიკალურია იმით, რომ იგი ქართული პროფესიული მუსიკის უამრავ საპრემიერო ჩანაწერს ინახავს, რომელიც ასევე რადიო მუზას მიერ არის განხორციელებული. უნდა აღვნიშნოთ, რომ რადიო „მუზას“ ოქროს ფონდი მხოლოდ საკონცერტო ჩანაწერებით არ შემოიფარგლება, იგი აგრეთვე მოიცავს ექსკლუზიურ ინტერვიუებს დიდ ხელოვანებთან, აგრეთვე თემატური გადაცემებს, მათ შორის გამოვარჩევდი უკვე დისკად გამოცემულ რევაზ თავაძის გადაცემათა ციკლს „ისტორია პიანიზმის შესახებ“, გია ბუღაძის საავტორო გადაცემა „ტონდო“, რომელიც ფერწერაზე მოგვითხრობდა და აგრეთვე „ჰომო კანტორ”, რომელიც მოიცავს ნოდარ ანდღულაძის საუბრებს ვოკალის შესახებ. რადიო „მუზამ“ სწორედ ამ ღირებულებებით დაიმკვიდრა ქართულ საზოგადოებაში და უფრო მეტიც, სწორედ ამ ღირებულებებით გაიტანა ქართული კულტურა უცხოეთში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რადიო „მუზა“ „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ ასოცირებული წევრია და იგი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლებისა, თუ კომპოზიტორების ახალი ნაწარმოების ჩანაწერებს აგზავნის, საიდანაც შემდეგ მსოფლიოს უამრავი რადიოთი გადაიცემა. სწორედ ეს არის ის საქმე, რომელიც ჭეშმარიტად ემსახურება თავის ქვეყანას. გადავარჩინოთ რადიო “მუზა”! ნუ გავაჩერებთ ამ ეროვნულ საქმეს და ნუ წავართმევთ ქართველ ერს მაღალ ხელოვნებასთან ზიარების საშუალებას!”