29 ნოემბერი, 2014

“ახალი ტალღა” იურმალაში აღარ ჩატარდება?

8888სიმღერის საერთაშორისო კონკურსი “ახალი ტალღა”, შესაძლოა მომავალ წელს იურმალაში აღარ ჩატარდეს. ამის შესახებ მსჯელობა კონკურსის ორგანიზატორებს შორის აქტიურად მიდის. უმრავლესობა თანახმაა, რომ კონკურსი სხვაგან იქნას გადატანილი, მცირე ნაწილი კი წინააღმდეგია.

კონკურსის ხელმძღვანელობამ წლის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს, შეუცვლის თუ არა კონკურსს მდებარეობას. როგორც “რია ნოვოსტის” “ახალი ტალღის” პრეზიდენტმა იგორ კრუტოიმ განუცხადა, იურმალას ნაცვლად კონკურსის ჩატარება განიხილება სოჭში, კრიმში, ბაქოში, კალინინგრადში და კაზანში.

“ახალი ტალღა” 2002 წლიდან იურმალაში ტარდება. მასზე გამარჯვება საქართველომ ორჯერ შეძლო. დუეტმა “ჯორჯიამ” ეს კონკურსი 2008 წელს მოიგო, წელს კი კონკურსის გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე გახდა. იურმალაზე გაიმარჯვა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა 1989 წელსაც, როცა სიმღერა “სამშობლო” შეასრულა და პირველობა არავის დაუთმო.

“ახალი ტალღის” სხვაგან გადატანა მისმა ხელმძღვანელობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლატვიის ხელისუფლებამ შავ სიაში შეიყვანა მომღერლები იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და ვალერია. ოლეგ გაზმანოვი, ვალერია და კომპოზიტორი, კონკურსის ინიციატორი რაიმონდ პაულსი თანახმა არიან, “ახალი ტალღა” მომავალ წელს სხვაგან ჩატარდეს. იოსებ კობზონი კი ამას სისულელეს უწოდებს.