20 ნოემბერი, 2014

აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე დააჯილდოვეს

18საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვია. როგორც გაირკვა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გამოჩენილ მეცნიერსა და უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ლავრენტი (ლაურ) მანაგაძეს, სულ ცოტა ხნის წინ, დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა, რაც მას კოლეგებმა უკვე მიულოცეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აკადემიკოსს “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი” გადასცა. მინისტრმა ბატონ ლავრენტის მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის 2014 წლის 7 ოქტომბრის განკარგულებაში აღნიშნულია: “ქართული უროლოგიური სკოლის შექმნასა და ორგანოთა გადანერგვისა და ჰემოდიალიზის ლაბორატორიებისა და თირკმლის გადანერგვის ცენტრის დაარსების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე დაჯილდოვდეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.”

აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე ნახევარი საუკუნეა, რაც ერთგულად ემსახურება ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული უროლოგიის დარგის სრულყოფასა და განვითარებაში, მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. ლავრენტი მანაგაძე გახლავთ ის ქართველი უროლოგი, რომელიც უროლოგიის ევროპულთან ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი გახდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა მკვლევარების აღზრდაში. 1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ლავრენტი მანაგაძე “ღირსების ორდენით” დაჯილდოვდა, ხოლო 2004 წელს, მას საქართველოს ტექნიკისა და მეცნიერების დარგის სახელმწიფო პრემია აქვს მინიჭებული.