19 ნოემბერი, 2014

19 ნოემბერი გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალების დღეა

519 ნოემბერი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებლის გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალების დღეა.

გრიგოლ რობაქიძე 1882 წლის 28 ოქტომბერს იმერეთის სოფელ სვირში დაიბადა. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმანია). გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. იგი გახდა „ცისფერყანწელების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში მწერალი აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან -შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. კავშირის თავმჯდომარე იყო ევროპაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაური ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი. რობაქიძე იყო, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე.

გრიგოლ რობაქიძემ ქართულ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრა როგორც პოეტმა, მოაზროვნემ, პუბლიცისტმა და, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფოსმა. ძირითადი ლიტერატურულ-მხატვრული და პუბლიცისტური ნაშრომები სწორედ გერმანიაში შეიქმნა. მან გერმანულად გამოაქვეყნა „მეგი”, „ჩაკლული სული”, „ქალღმერთის ძახილი”, „მცველნი ბრალისა”, „დემონი და მითოსი”, „ადოლფ ჰიტლერი”, „მუსოლინი”, ბევრი საგაზეთო წერილი, ლექსები. მანამდე საქართველოში შეიქმნა მისი დრამები „ლონდა”, „მალშტრემ”, „ლამარა”, რომანი „გველის პერანგი”, ლექსები, პუბლიცისტური, კრიტიკული და ლირიული წერილები.

გრიგოლ რობაქიძე 82 წლის ასაკში ქალაქ ჟენევაში გარდაიცვალა, ორი დღის შემდეგ, რაც 32 წლის გრაფინია გიტა ფონ შტრახვიტსთან შეთანხმდა მესამე ქორწინებაზე. ის დაკრძალეს ჟენევაში, თუმცა მოგვიანებით ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით, საფრანგეთში ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს.