21 ნოემბერი, 2014

უკრაინაში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება

6უკრაინაში ქართული კინოს მე-10 ფესტივალი გაიმართება. ქართული კინოს ფესტივალი კიევში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით “ბრმა პაემნები” გაიხსნება. ათი დღის განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ნაჩვენები იქნება, როგორც ახალი ქართული კინონამუშევრები, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ქართული ფილმები, მათ შორის ოთარ იოსელიანის “შანტრაპა”, ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, ნანა მჭედლიძის “პირველი მერცხალი”, რუსუდან ჭყონიას “გაიღიმეთ” და ზაზა რუსაძის “ჩემი საბნის ნაკეცი”.

კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, კინოექსპორტის დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე, ასევე ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, უკრაინელი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

კინოფესტივალი საზეიმოდ 22 ნოემბერს კინოთეატრ “კიევში” გაიხსნება და 2 დეკემბრის ჩათვლით გასტანს. ღონისძიება უკრაინის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფის ცენტრის დახმარებით იმართება. მისი ორგანიზატორია სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება “გეორგია” და უკრაინის ქართველთა ასოციაცია “იბერია”.