19 ნოემბერი, 2014

ეთერ კაკულიას ვარსკვლავს გაუხსნიან

3მომღერალ ეთერ კაკულიას 29 ნოემბერს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. ამ დღეს მომღერლის დაბადების დღეა, ასაკი, რა თქმა უნდა, საიდუმლოა.
მიუხედავად იმისა, რომ ეთერ კაკულია ავად არის, ის მაინც მხნედ გრძნობს თავს და თავის მონატრებულ ხალხთან შესახვედრად ემზადება. კონცერტისთვის მზადების პარალელურად, ის მკურნალობის კურსს გადის. ეთერ კაკულიამ უკვე ჩაიტარა ქიმიოთერაპიის კურსი და სამკურნალოდ ისრაელშიც იმყოფებოდა. მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად მომღერლის კოლეგები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც ატარებენ საქველმოქმედო კონცერტებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
ვარსკვლავის გახსნა ეთერ კაკულიას დავით ოქიტაშვილმა წლების წინ შესთავაზა, თუმცა მაშინ მომღერალმა უარი განაცხადა. ახლა კი სურვილი აქვს, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავიც გაჩნდეს:
“წლების წინ, როცა დათო ოქიტაშვილი ვარსკვლავის გახსნაზე მესაუბრებოდა ხოლმე, სულ ვეუბნებოდი, არ მინდა, ვისაც ვარსკვლავი გაუხსენი, ყველა გარდაიცვალა, თითქმის აღარავინ ცოცხალი აღარ არის და არ მინდა ეს გარდაცვალება 102 წლამდე-მეთქი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, სერიოზულად კი არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინ არ მინდოდა ჩემი ვარსკვლავის გახსნა. ახლა უკვე თანახმა ვარ გაიხსნას ჩემი ვარსკვლავი ფილარმონიის წინ. ჩემი ხალხი ძალიან მიყვარს და ყველაფერი ჩემთვის ძალიან პოზიტიურია. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.”