20 ნოემბერი, 2014

გოგა მესხი “ერთი ერთში”-ს ლიდერია

6მუსიკალური შოუ “ერთი ერთში” დაიწყო და მაყურებელს მესამე სეზონის პირველი საკონკურსო ტური შესთავაზა. პროექტში მონაწილეობენ სალომე ბაკურაძე, გოგა მესხი, ნუკა კვალიაშვილი, თემო საჯაია, ლიზა ყენია, გიორგი სუხიტაშვილი, ზურა ჯავახია და ნინი წიკლაური.

შოუს წამყვანები ისევ რუსკა მაყაშვილი და კახა კინწურაშვილი არიან, ჟიურის წევრები სისი სამი, ზაკ რისი და მხატვარი ნიკუშა შენგელაია. ჟიურის მეოთხე წევრი მოწვეული სტუმარია და ყველა ტურში იცვლება. პირველ ტურში მეოთხე საპატიო წევრად “ერთი ერთშის” მეორე სეზონის გამარჯვებული ნინო ძოწენიძე მიიწვიეს.

პირველ ტურში ყველა კონკურსანტმა კენჭისყრით აირჩია ის მომღერალი, ვისი განსახიერებაც მოუხდა. ლიზა ყენიას რიანა შეხვდა, ნინი წიკლაურს შაკირა, გოგა მესხს რომა რცხილაძე, ზურა ჯავახიას ჯიმ მორისონი, თემო საჯაიას ჯონ ბონ ჯოვი, გიორგი სუხიტაშვილს მაიკლ ბაბლი, სალომე ბაკურაძეს არეტა ფრანკლინი, ნუკა კვალიაშვილს მერაია ქერი.

პირველი ტურის ლიდერი გოგა მესხი გახდა რომა რცხილაძის განსახიერებით და მისი უკვდავი ჰიტის “ნატვრის ხის” შესრულებით. შოუს პროდიუსერების ჩანაფიქრით, სცენაზე ორი რომა რცხილაძე აღმოჩნდა. გოგა მესხის ერთი ერთში გარდასახვამ მაყურებელსა და ჟიურიში დიდი მოწონება დაიმსახურა და 62 ქულით პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ბოლო ადგილი პირველ ტურში ჟიურიმ და მაყურებელმა თემო საჯაიას მიაკუთვნა.

ლოტოტრონის მეშვეობით კონკურსანტებმა გაარკვიეს ვისი განსახიერება მოუწევთ მეორე საკონკურსო ტურში მომავალ ოთხშაბათს. გოგა მესხი ბარი უაითი იქნება, ნუკა კვალიაშვილი უიტნი ჰიუსტონი, ლიზა ყენია ბრუნო მარსი, ზურა ჯავახია ოაზისი, სალომე ბაკურაძე ადელი, თემო საჯაია მიკა, გიორგი სუხიტაშვილი ენრიკე ეგლესიასი და ნინი წიკლაური დაიანა როსი.